Saturday, September 7, 2013

გენეტიკური კოდი - ტრანსლაციის ”გასაღები”; კოდონები; ანტიკოდონები; stop-კოდონები;

 გენეტიკური კოდი - ტრანსლაციის  ,,გასაღები”
კოდონები და ანტიკოდონები 

დნმ-ში  მემკვიდრული  ინფორმაცია  გენეტიკური კოდის სახით ინახება, რომელში არსებული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობაც განსაზღვრავს ცილაში ამინომჟავების თანმიმდევრობას. 

ტრანსლაციის ”გასაღები”  სწორედ გენეტიკური კოდია, რომელიც სამ ნუკლეოტიდს შეიცავს და კოდირებს ერთ ამინმჟავას. ამ  სტრუქტურას  კოდონი ეწოდება.

ლოგიკური გამოთვლით, რადგან დნმ-ში ოთხი ნუკლეოტიდია (ადენინი , გუანინი G , ციტოზინი C , თიმინი T ), სავარაუდო კომბინაციები იქნება  n-ჯერ აღებული 4 ნუკლეოტიდი. ხოლო თითოეული კოდონისთვის არსებობს 64 ტრიპლეტური კომბინაცია.  (4მესამე სარისხად, ანუ 64). სწორედ ეს  64 კოდონი ქმნის გენეტიკურ კოდს.

ე.ი. ცილის მოლეკულის შედგენილობაში შედის მხოლოდ  20 ამინომჟავა და არსებობს  64 კოდონი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამინომჟავათა უმეტესობა კოდირდება 1–ზე მეტი კოდონით.

გამონაკლისია მეთიონინი met (M) და ტრიფტოფანი trp (W). ისინი ერთადერთი, უნიკალური კოდონით კოდირდება. აღსანიშნავია, რომ ტრანსლაცია ყოველთვის იწყება მეთიონინის მაკოდირებელი კოდონით. ამრიგად მეთიონინი ყველა პოლიპეპტიდური ჯაჭვის საწყისი ამინომჟავაა, თუმცა ჩვეულებრივ, ის ჩამოსცილდება ხოლმე პოლიპეპტიდურ ჯაჭვს, ცილის სინთეზის პროცესის დასრულებამდე.



 STOP-კოდონები 

Stop-კოდონები გახლავთ, ე.წ. ტრანსლაციის შემაჩერებელი კოდნები. არსებობს მხოლოდ სამი Stop-კოდონი. ესენია: (UAA), (UAG), (UGA).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლეკულურ კავშირებს კოდონსა და ამინმჟავას შორის ამყარებს ტ-რნმ–ის მოლეკულა. თითოეული ტ-რნმ–ის სპეციფიკურ ადგილზე ფორმირდება სამი ფუძისაგან შემდგარი ანტი-კოდონი, რომელიც ი-რნმ–ის სპეციფიკური კოდონის კომპლემენტარულია. კოდონისა და ანტიკოდონის ურთიერთდაკავშრების შემთხვევაში შესაბამისი ამინომჟავა დაიკავებს პოზიციას რიბოსომაზე, რათა პეპტიდური ბმით დაუკავშრდეს მზარდ პოლიპეპტიდურ ჯაჭვს. ამის შემდეგ რიბოსომა გასრიალდება ი-რნმ–ის გასწვრივ - ზუსტად სამი ფუძის მომცველ მონაკვეთზე და ფუნქციურ ცენტრში მოხვდება ახალი კოდონი, რომელიც ახალ ტ-რნმ–ს დაიკავშრებს.  

ტრანსლაცია დასრულდება მაშინ, როდესაც  (UAA), (UAG), (UGA Stop-კოდონები მოხვდებიან წაკითხვის ჩარჩოში.  დასრულებული პოლიპეპტიდი სცილდება რიბოსომას, ხოლო რიბოსომა მზადაა ჩაერთოს სხვა ცილის სინთეზში.




No comments:

Post a Comment