Saturday, September 7, 2013

ტერატოგენები; გარემო ფაქტორების როლი ორგანიზმის განვითარებაში; რენტგენის სხივები, როგორც ტერატოგენი


ტერატოგენები – წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან და ნიშნავს სიმახინჯის გამომწვევს. ტერატოგენებს აქვთ თანდაყოლილი დეფექტების გამოწვევის უნარი. ეს შეიძლება იყოს წამალი, ინფექცია, რადიაციის ზემოქმედება და ა.შ.

ზოგადად თანდაყოლილი დარღვევების მიზეზთა 50% გაურკვეველია. თუმცა დადგენილია, რომ  ისინი შედარებით მაღალი სიხშირით მეორდება დაავადებული ბავშვების ოჯახებში, ვიდრე საერთო პოპულაციაში.

ადამიანში განვითარების დარღვევათა უმეტესობა გამოწვეულია გენომური, ქრომოსომული, ან გენური მუტაციებით. მიუხედავად იმისა, რომ გენები წარმოადგენენ განვითარების პირველად რეგულატორებს, აქ მთავარ როლს სხვა პროცესებიც ასრულებენ. გენომით ხდება განვითარების რეგულაცია და არა დეტერმინაცია.

გარემო ფაქტორები მთავარ როლს ასრულებენ ნორმალური განვითარების უზრუნველყოფაში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წამლები ან სხვა აგენტები, რომლებიც გარემოდან შემოდიან ორგანიზმში იყვნენ ტერატოგენულნი.

აღსანიშნავია, რომ სერიოზული თანდაყოლილი დეფექტის გამომწვევ ტერატოგენს ზრდასრულ ასაკში ქონდეს ძალიან მცირე გავლენა, ან საერთოდ არ ჰქონდეს. 

მაგ: ნაყოფის რეტინოიდული სინდრომი – გამოიწვევა ორსული ქალის მიერ პრეპარატ იზოტრეტინოინის მიღებისას. ეს მედიკამენტი კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთების სამკურნალოდ გამოიყენება და როგორც წესი, თუ მას ზრდასრული ადამიანი მიიღებს უკუჩვენება არ იქნება, ორსულობის შემთხვევაში კი ის იწვევს მძიმე თანდაყოლილი დეფექტების განვითარებას.

ასევე კარგი მაგალითია ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი – განვითარებად ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედება იწვევს მძიმე ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილ დარღვევებს.

ტალიდომიდის სინდრომი – ტალიდომიდი, სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტია. მისი მე–4–დან მე–8 კვირამდე გამოყენება ნაყოფის კიდურების ანომალიებს იწვევს.

რენტგენის სხივები, როგორც ტერატოგენი – ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული რენტგენოგრაფია. მან შესაძლოა ნაყოფის ნორმალური განვითარება შეაფერხოს.


No comments:

Post a Comment