Sunday, September 22, 2013

იმუნური სისტემა; იმუნური პასუხი; ციტოკინები




იმუნური სისტემა ორგანოების (ძვლის წითელი ტვინი, თიმუსი, ელენთა, ლიმფური კვანძი), სხვადასხვა ორგანოში მოთავსებული ლიმფოიდური ქსოვილისა და დამოუკიდებელი უჯრედების (ლიმფოციტები, მონონუკლეური ფაგოციტების სისტემის უჯრედები, გრანულოციტები) ერთობლიობაა.

იმუნური სისტემა ორგანიზმს მიკრობებისა და გარემოს სხვა დამაზიანებელი აგენტებისაგან იცავს. იმუნური სისტემის უჯრედებს ‘’საკუთარისა’’ და ‘’უცხოს’’ განსხვავების უნარი აქვს, რის გამოც ისინი ‘’უცხო’’ მოლეკულების და  თვით ორგანიზმში წარმოქმნილი სიმსივნური უჯრედების გაუვნებელყოფას უზრუნველყოფენ.

იმუნური სისტემის მთავარ სპეციალიზებულ უჯრედებს ლიმფოციტები წარმოადგენს, მაგრამ სრულყოფილ იმუნურ პასუხს ისინი სხვა უჯრედებთან კოოპერაციაში ახორციელებენ.

გრანულოციტები (ნეიტროფილები, ბაზოფილები, ეოზინოფილები) იმუნოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნისა და ბაქტერიული ინფიცირების უბნებში დიდი რაოდენობით დაგროვების უნარით ხასიათდება. ნეიტროფილების მაღალი ფაგოციტური აქტივობა მიკრობებისა და კონკრეტული ანტიგენების რაოდენობის შემცირებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ნეიტროფილები სხვადასხვა, იმუნოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს, ინტერლეიკინ-12 –ს და ა.შ) გამოიმუშავებს, რაც მათ იმუნორეგულაციურ თვისებებს ანიჭებს. მონოციტები და მაკროფაგები მიკრობებისა და სხვადასხვა ნარჩენების აქტიური ფაგოციტოზის უნარით ხასიათდება.

ამრიგად იმუნური პასუხი ყოველთვის დიდი რაოდენობით სხვადსხვა უჯრედების შეთანხმებული მოქმედების შედეგია. სრულყოფილი იმუნური პასუხის განხორციელების პროცესში უჯრედები ერთმანეთთან უშუალოდ, ან სპეციალური შუამავლების – ციტოკინების  მეშვეობით ურთიერთქმედებს. 


ციტოკინები – მცირე ზომის ცილებია, რომლებიც აუტოკრინული, ან პარაკრინული გზით მოქმედებს. დღეისათვის ადამიანის ორგანიზმში 100–მდე ციტოკინია იდენტიფიცირებული.

ციტოკინებს მიეკუთვნება:
  1. ინტერლეიკინები
  2.  ინტერფერონები
  3.  კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები
  4.  სიმსივნის ნეკროზის ფაქტორები
  5. ზრდის ფაქტორები
  6.  ქემოკინები (ქემოტაქსისური ციტოკინები)

ციტოკინები ანტიგენსპეციფიურობით არ ხასიათდება, მაგრამ მათი წარმოქმნა ყოველთვის განპირობებულია ანტიგენის მოქმედებით. ციტოკინები უკავშირდება სამიზნე უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიურ რეცეპტორებს და რეაქციატა კასკადის წარმოქმნის გზით იწვევს შესაბამისი გენების აქტივობის ინდუქციას, გაძლიერებას, ან დათრგუნვას. 


No comments:

Post a Comment