ინფორმაციის შთამომავლობით გადაცემისთვის, უჯრედის გაყოფამდე, ინტერფაზაში, დნმ-ი წარმოქმნის თავის ასლს და ამ პროცესს დნმ-ის რეპლიკაცია ეწოდება. რეპლიკაციის დროს ხდება დნმ-ის ძაფების ურთიერთდაშორება – კომპლემენტარულ აზოტოვან ფუძეებს შორის წყალბადური ბმების გაწყვეტით. შედეგად წარმოიქმნება დნმ.ის ორი იდენტური შვილეული მოლეკულა. თითოეული მათგანი შედგება ერთი დედისეული და ერთი ახლადსინთეზირებული პოლინუკლეოტიდური ჯაჭვისგან.
დნმ-ის რეპლიკაციაში მონაწილე ფერმენტები
დნმ-ის რეპლიკაციაში სხვადასხვა ფერმენტები მონაწილეობენ. ჰელიკაზა უზრუნველყოფს დნმ.-ის ერთ–ერთ ბოლოზე ორმაგი სპირალის გაშლას, რის შედეგადაც ყალიბდება რეპლიკაციური ჩანგალი, ანუ უბანი, სადაც მიმდინარეობს რეპლიკაცია. დაცალკევებულ ჯაჭვებზე დნმ-პოლიმერაზა კომპლემენტარულ ჯაჭვებს წარმოქმნის. ჰელიკაზა ნელ–ნელა გადაადგილდება ორმაგი სპირალის მეორე ბოლოსკენ და ჯაჭვებს ერთმანეთს აშორებს, შესაბამისად გადაადგილდება რეპლიკაციური ჩანგალიც და თითოეულ ჯაჭვზე მისი კომპლემენტარული ასლის სინთეზიც გრძელდება.
დნმ-პოლიმერაზას ნუკლეოტიდური ჯაჭვების წარმოქმნა მხოლოდ მე-5′ პრიმ ბოლოდან –>მე3′ პრიმ ბოლოს მიმართულებით შეუძლია და ამიტომ, საწინააღმდეგო მიმართულების (3′–>5′)
ჯაჭვი ”ნაკუწ–ნაკუწ” წარმოიქმნება. ამ ”ნაკუწებს ‘‘ოკაზაკის ფრაგმენტებს‘‘ უწოდებენ. მათ
ერთმანეთთან დნმ-ლიგაზა აკავშირებს.
ნახევრად კონსერვატული რეპლიკაცია
ნ ა ხ ე ვ რ ა დ კ ო ნ ს ე რ ვ ა ტ უ ლ ი რეპლიკაცია, არ არის რეპლიკაციის რაიმე სხვა სახე, სხვა განსაკუთრებული ფორმა.
ზოგადად, რეპლიკაცია ნახევრადკონსერვატულია, რაც იმას ნიშნავს, რომ
თითოეულ დნმ-ის მოლეკულაში ერთი ძაფი ყოველთვის "ძველია" (იგულისხმება დედისეული პოლინუკლეოტიდური ჯაჭვი), ხოლო მეორე ახლადსინთეზირებული.
რეპარაციული სისტემა
დნმ-ის რეპლიკაციისას შესაძლოა მოხდეს დარღვევები, როგორიცაა: ნუკლეოტიდის ამოვარდნა, ჩამატება ან სხვა ნუკლეოტიდით ჩანაცვლება. ამ მოვლენას მუტაცია ეწოდება. მუტაციათა ნაწილი(≈99,9%) სწორდება უჯრედის რეპარაციული სისტემის საშუალებით. კორექტურული წაკითხვა - დნმ-ის აღმდგენი რეპარაციული ფერმენტების მიერ ახლადსინთეზირებულ ორმაგ სპირალში არასწორი ფუძის შემცველი ძაფის აღმოაჩენა და მისი სწორი კომპლემენტარული ფუძით შეცვლა. (ეს პროცესი ფერმენტ დნმ-პოლიმერაზას მონაწილეობით მიმდინარეობს)
No comments:
Post a Comment