Friday, September 13, 2013

სისხლის არტერიული წნევის გაზომვა (აუსკულტაციური, არაპირდაპირი, არაინვაზიური მეთოდით)






პროცედურის თანმიმდევრობა:

1.    დაიბანეთ ხელები 

2.      მოიმარაგეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა:

3.      სტეტოსკოპის და ყურში მოსარგები ნაწილები გაწმინდეთ ალკოჰოლის შემცველ სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ბურთულით - დაინფიცირების პროფილაქტიკისათვის 

4.      მოახდინეთ პაციენტის იდენტიფიკაცია (სახელი, გვარი, ისტორიის N)

5.      აუხსენით პროცედურის მიმდინარეობა და  მისი საჭიროება

6.      წნევის გაზომვა ხდება მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ოთახში, სადაც იზომება  არტერიული წნევა, არ უნდა ციოდეს, არ უნდა იყოს ხმაური.
გაითვალისწინეთ:  პაციენტის ფიზიკური დაძაბულობა ან სტრესული გარემო გავლენას ახდენს არტერიული წნევის მაჩვენებლებზე

7.      საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მიეცით გარკვეული დრო დამშვიდებისათვის (3-5 წთ). დაეხმარეთ პაციენტს მოდუნდეს, რათა თავიდან აიცილოთ არტერიული წნევის მაჩვენებლების ცრუ მომატება

 პაციენტის მჯდომარე პოზიცია:
·         პაციენტი მოხერხებულად უნდა იჯდეს სავარძელში  ან სკამზე, ფეხი ფეხზე არ უნდა ჰქონდეს გადადებული, უნდა ეყრდნობოდეს სკამის  საზურგეს, იჯდეს ფეხებჩამოშვებული და ხელი უნდა ედოს მაგიდაზე, ჰორიზონტალურად, ხელისგულით ზევით

პაციენტის მწოლიარე პოზიცია:
·         პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. ხელი, რომელზეც იზომება წნევა,  უნდა იყოს  სხეულის გასწვრივ, ხელისგულით ზევით და იდაყვის სახსარში გაშლილი

8.    არტერიული წნევის გაზომვა:

·         არტერიული წნევა არ განსაზღვროთ კიდურზე, რომლის სისხლის მიმოქცევა დარღვეულია რაიმე მიზეზით
·         წნევის გასაზომად ეცადეთ გამოიყენოთ ერთიდაიგივე ხელი
·         თუ პაციენტს აქვს წნევის განსხვავებული მაჩვენებლები მარჯვენა და მარცხენა ხელზე, წნევა უნდა გაზომოთ იმ კიდურზე, სადაც წნევა უფრო მაღალია.
·         ხელი უნდა იყოს მთლიანად გაშიშვლებული და გათავისუფლებული მოჭერილი სამოსისაგან
·         არ არის საჭირო მეორე ხელის ქვევიდან ამოდება
·         იდაყვის მიდამოში პალპაციით მოძებნეთ მხრის არტერია
·         გასინჯვამდე შეამოწმეთ, რომ მანჟეტში არ იყოს ჰაერი. მანჟეტი შემოახვიეთ პალპირებული  არტერიიდან (იდაყვის ფოსოდან) დაახლოებით 2,5 სმ-ით ზემოთ, ისე რომ მანჟეტის რეზინის ბალიშის შუა ნაწილი  მოთავსდეს მხრის არტერიის შესაბამისად, ეს საშუალებას მოგცემთ მანჟეტი გაბეროთ თანაბრად. მანჟეტსა და კანის ზედაპირს შორის  თავისუფლად უნდა   თავსდებოდეს ერთი თითი. მანჟეტი შემოახვიეთ მოხერხებულად. მხარზე დადებული მანჟეტი უნდა იყოს დაახლოებით გულის  დონეზე
·         ტონომეტრი ან სფიგმომანომეტრი მოხერხებულად დაიდეთ წინ ან დაამაგრეთ სპეციალური სამაგრით ისე, რომ ციფრებს კარგად ხედავდეთ
·         შეამოწმეთ ბუშტის ხრახნი
·         მოირგეთ სტეტოსკოპი, დარწმუნდიდ, რომ გესმით კარგად
·         მოათავსეთ სტეტოსკოპიპალპატორულად უკვე მოძებნილ არტერიაზე. სტეტოსკოპის ზუსტი მდებარეობა უზრუნველყოფს ოპტიმალურ ხმიანობას, ხოლო არასწორი მდებარეობა ხშირად ხდება დაბალი სისტოლური და მაღალი დიასტოლური წნევის მაჩვენებლის მიღების მიზეზი
·         ჩაკეტეთ ბუშტის ხრახნი და დაიწყეთ მანჟეტში ჰაერის ჩაჭირხვნა (მანჟეტში წნევის გაზრდა)
·         მანჟეტში წნევა გაზარდეთ არტერიაზე პულსაციის შეწყვეტიდან 30 მმ-ით ზევით.  ეს გამორიცხავს სისტოლური მაჩვენებლის შეცდომით დაფიქსირებას
·         ბუშტიდან ნელა გამოუშვით ჰაერი - 2 მმ.ვწყ.სვ/წმ სიჩქარით; ჰაერის უფრო სწრაფად გამოდევნამ  შეიძლება მოგცეთ მცდარი მაჩვენებელი
·         დააფიქსირეთ პირველი ტონის (რომელსაც გაიგონებთ)  მაჩვენებელი
·         პირველი ტონი არის სისტოლური წნევის მაჩვენებელი, რომელსაც ავითარებს გული მხრის არტერიაში სისხლის გადასასროლად
·         გაგრძელეთ მანჟეტიდან ჰაერის გამოდევნა და დააფიქსირეთ მაჩვენებელი, რომელზეც ტონი გაქრება. ბოლო ტონის შემდეგ კიდევ უსმინეთ  10-20 მმ.ვწყ.სვ. განმავლობაში
·         ბოლო ტონი არის დიასტოლური წნევის მაჩვენებელი
·         გამოდევნეთ დარჩენილი ჰაერი მანჟეტიდან და მოხსენით იგი

9.      პაციენტს გააცანით არტერიული წნევის მაჩვენებლები

10.  დაეხმარეთ პაციენტს მიიღოს მისთვის სასურველი პოზიცია

11.  დაიბანეთ ხელები

12.  შეავსეთ დოკუმენტაცია და მოაწერეთ ხელი

·         თუ შესაძლებელია  პაციენტის ისტორიაში მოძებნეთ წინა მაჩვენებლები და მოახდინეთ განსხვავების იდენტიფიცირება. გამოავლინეთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ არტერიულ  წნევაზე: მოწევა, ფიზიკური დატვირთვა, კოფეინი, ემოცია, მედიკამენტები

13.  დაამუშავეთ აღჭურვილობა შესაბამისის წესით და შეინახეთ ის მათთვის განკუთვნილ ადგილას

·         თუ რაიმე მიზეზის გამო საჭიროა არტერიული წნევის ხელახლა გაზომვა,  მოცადეთ 1 წუთი და შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა
·         ხანგრძლივი დროით მანჟეტის გაბერილ მდგომარეობაში დატოვება აფერხებს მხრის არტერიაში სისხლის მიმოქცევას და იწვევს კიდურის დაბუჟებას. ინტერვალი საშუალებას მისცემს ვენებს განთავისუფლდეს ზედმეტი სისხლის ნაკადისაგან და უზრუნველყოფს მაჩვენებლების სისწორეს
·         თუ საჭიროა წნევის გაზომვა ქვედა კიდურზე, ამისთვის აუცილებელია ბარძაყის სპეციალური მანჟეტის გამოყენება


·         დიასტოლური წნევა ქვედა კიდურებში ზედა კიდურებზე წნევის ტოლია, ხოლო სისტოლური წნევა შესაძლოა 20-30 მმ.ვწყ.სვ.-ით მეტი იყოს

No comments:

Post a Comment