Friday, April 1, 2016

წინამდებარე ჯირკვალი და სათესლე ბუშტუკები; სათესლე ჯირკვალი, სათესლე ჯირკვლის დანამატი (ეპიდიდიმისი), ასო (მდებარეობა; აგებულება; ფუნქცია; სისხლმომარაგება)


წინამდებარე ჯირკვალი და სათესლე ბუშტუკები წარმოადგენს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილს. ამ ორი ორგანოს სეკრეტი შედის მამაკაცის სპერმის შემადგენლობაში.  ანატომიურად  წინამდებარე ჯირკვალი  რამდენიმე ზონად იყოფა: ცენტრალური,  პერიფერიული  და  გარდამავალი,  ანუ ტრანზიტორული. წინამდებარე ჯირკვლის  კიბო   ძირითადად  მის  პერიფერიულ ზონაში  ვითარდება.  ცენტრალური ზონა  მოიცავს  თესლგამომტან   სადინარებს. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პკჰ) განპირობებულია  გარდამავალი (ტრანზიტორული) ზონის გადიდებით, რომელიც შარდსადენის გარშემოა განლაგებული.  პკჰ  ხანშიშესულ და მოხუც მამაკაცებში შესაძლებელია  შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომების  და შარდის  შეკავების მიზეზი  გახდეს.

სათესლე ჯირკვლის საშუალო მოცულობა დაახლოებით 20მლ-ია. სათესლე ჯირკვლებს აქვთ ორი მნიშნველოვანი ფუნქცია: ანდროგენებისა და სპერმის წარმოქმნა. სათესლე ჯირკვალში არსებული ლეიდიგის უჯრედები წარმოქმნიან ტესტოსტერონს. სერტოლის უჯრედები უზრუნველყოფენ სპერმატოგენური უჯრედების მომწიფებას. სერტოლის უჯრედები ასევე პასუხისმგებელია ჰემატოტესტიკულური ბარიერის უზრუნველყოფაზე.

სათესლე ჯირკვლები რამდენიმე ფასციით არის  დაფარული, რომლებიც ემბრიონული განვითარების ეტაპზე მყოფი მუცლის ღრუს კედლების ანალოგია. გარეთა სათესლე ფასცია არის გარეთა ირიბი კუნთის ანალოგი,  სათესლეს  ამწევი  კუნთი  ქმნის სათესლე ბაგირაკს და არის შიგნითა ირიბი და განივი კუნთების ანალოგი. შიგნითა სათესლე ფასცია არის განივი ფასციის ანალოგი. ბუდისებრი გარსის ვისცერული და პარიეტული შრეები წარმოადგენს პერიტონეუმს, რომელიც  ფარავს  სათესლე ჯირკვალს მისი სათესლე პარკში ჩასვლისას.

პროსტატა ჯირკვლოვანი და ფიბროზულ-კუნთოვანი ორგანოა. ნორმაში დაახლ. 20 გ. მასის. მოიცავს ურეთრის პროსტატულ ნაწილს (დაახლ. 2.5 სმ. სიგრძის) პროსტატის ქსოვილს განჭოლავს ეაკულატორული სადინრები, რომელიც იხსნება ურეთრის პროსტატული ნაწილის ფსკერზე, სათესლე ბორცვის არეში. სათესლე ჯირკვლის საშ. ზომა: 4 × 3 × 2.5 სმ.

სათესლე ჯირკვლების სისხლმომარაგება ხდება გონადური, კრემასტერული და ვაზალური არტერიებით.  გონადური არტერია უშუალოდ აორტის ტოტია. კრემასტერული არტერია წარმოადგენს ქვემო ეპიგასტრული არტერიის ტოტს, ხოლო ვაზალური არტერია გამოდის შარდის  ბუშტის ზედა არტერიიდან. სათესლე ჯირკვლებიდან გამომავალი ვენები ქმნიან მტევნისებრ წნულს სათესლე ბაგირაკის დონეზე. საზარდულის შიგნითა რგოლის დონეზე მტევნისებრი წნული ქმნის სასქესო ვენას, რომლიდანაც სისხლი მიედინება მარჯვნიდან  ქვემო ღრუ ვენაში, მარცხნიდან  კი თირკმლის ვენაში. 

სათესლე ჯირკვლის დანამატი (epididymisმდებარობს სათესლე ჯირკვლის უკანა გვერდით (პოსტეროლატერალურ) მხარეს. სპერმატოგენეზი ხდება სათესლე ჯირკვლის მილაკებში. მომწიფებული სპერმა ეფერენტული სადინრებით გადადის და  დეპონირდება დანამატში. ეაკულაციის დროს სპერმის  გამოყოფა ხორციელდება სიმპათიკური სტიმულაციით, თესლგამომტანი სადინრების საშუალებით, რომლებიც შარდსადენში იხსნება. სათესლე ბუშტუკები თესლგამომტან სადინრებს  ეაკულაციური სადინრებით უკავშირდება. 

ასო ფორმირებულია სამი სხეულისგან: ორი მღვიმოვანი (კავერნოზული) და ერთი ღრუბლისებრი (სპონგიოზური). ღრუბლისებრ სხეულში  გადის  შარდსადინარი. სამივე სხეული დაფარულია თეთრი გარსით (tunica  albuginea). შემდეგ  გარეგან  შრეს წარმოადგენს  ე.წ. ბუკის (Buck's)  ფასცია, რომელიც მიემართება გარეთ, კანის წინ. დორზალურად ბუკის ფასცია შემოფარგლავს ნეიროვასკულარულ სტრუქტურებს, ვენტრალურად  კი  ღრუბლისებრ სხეულს. ზედაპირული სათესლე პარკის ფასცია უშუალოდ კანის ქვეშ მდებარეობს და ესაზღვრება კოლის ფასციას შორისში და სკარპას ფასციას მუცლის კედელში. ასოს ფუძეს იჭერს საკიდი იოგები, რომლებიც მას აკავშირებს თეთრ ხაზთან და ბოქვენის სიმფიზთან. 

ასოს  მკვებავი არტერია -  შიგნითა სასირცხო არტერიის ტერმინალური განშტოება, რომელიც  იყოფა სამ ტოტად: მღვიმოვანი არტერიები უზრუნველყოფენ მღვიმოვანი სხეულის სისხლმომარაგებას; ბულბოურეთრული ტოტი კვებავს ასოს თავს, შარდასადინარს და ღრუბლისებრ სხეულს; დორსალური არტერიები გადის ნეიროვასკულურ ზონაში, ბუკის ფასციის შიგნით და კვებავს შარდასდენსა და ღრუბლისებრ სხეულს. ასოდან ვენური სისხლი გამოედინება დორზალური და მღვიმოვანი ვენების საშუალებით, რომლებიც ერთდება და წარმოქმნის შიდა სასირცხო ვენას. მგრძნობელობითი ინერვაცია ხორციელდება დორზალური ნერვებით, რომლებიც გადიან დორზალურ სისხლძარღვებთან ერთად. მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების ავტონომიური ინერვაცია უზრუნველყოფილია თეთრ  გარსში  არსებული მღვიმოვანი ნერვებით.





No comments:

Post a Comment