Sunday, April 3, 2016

საშარდე გზების ინფექცია (სგი)



 საშარდე გზების ინფექცია (სგი)  არის უროთელიუმის ანთებითი რეაქცია ბაქტერიულ ინვაზიაზე, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ბაქტერიურია და პიურია. იგი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა ადამიანებში და წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სერიოზულ პრობლემას არამარტო მის მიერ გამოწვეული ავადობის, გართულებების და სიკვდილიანობის გამო, არამედ სამკურნალო საშუალებათა სიძვირის გამოც. ინფექცია ყველაზე ხშირად აღმავალი გზით, ურეთრის გავლით ვრცელდება. ქალის ურეთრა გაცილებით მოკლეა მამაკაცისაზე, შესაბამისად იგი ინფექციისთვის უფრო ადვილად შეღწევადია. სწორედ ამით აიხსნება სგი-ს გაცილებით მაღალი სიხშირე ქალებში მამაკაცებთან შედარებით.


 სგი-ს ყველაზე ხშირი გამომწვევებია:  Escherichia Coli, Enterococcus, Proteus mirabilis, Klebsiela sp., Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus epidermidis.

შესაძლებელია ასევე ინფექციის ჰემატოგენური გზით გავრცელება. ინფექციის პირველადი კერა შესაძლებელია ლოკალიზებულ იყოს ისე როგორც შარდ-სასქესო ორგანოებში, ასევე ორგანიზმის სხვა ნაწილშიც (კანი, ნუშისებური ჯირკვლები, სარძევე ჯირკვლები, ფილტვები და სხვა). 
სგი-ს ჰემატოგენური გზით ინფიცირების გამომწვევების რიცხვი შედარებით ნაკლებია, ვიდრე – აღმავალით: Staphylococcus aureus, Candida sp., Salmonella sp. ინფექციის გავრცელების ლიმფოგენური გზა არ არის აქტუალური სგი-ს განვითარების თვალსაზრისით. 

 ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორები 
ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორებია: უროდინამიკის დარღვევა; ურეთრალური კათეტერები, შარდსაწვეთის სტენტები ან უცხო სხეულები; იმუნოსუპრესია (დიაბეტისას, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ, ქიმიოთერაპიისას); უროთელიუმის დაზიანება ქიმიო ან სხივური თერაპიის შედეგად; პერი ან პოსტოპერაციული მდგომარეობები; ფისტულა საშარდე და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს შორის; საშარდე გზების რეკონსტრუქცია ნაწლავური რეზერვუარებით და სხვ.

 სგი-ს კლასიფიკაცია 
უროგენიტალურ ტრაქტში ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით, მაგალითად: პიელონეფრიტი, ურეტერიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ფუნიკულიტი, ეპიდიდიმიტი, ორქიტი. თუმცა, უროგენიტალური ტრაქტის სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს გარკვეულწილად უკავშირდება, ამიტომაც ინფექცია შესაძლებელია არსებობდეს ერთდროულად რამოდენიმე უბანში
ამასთან დაკავშირებით სგი ასევე შეიძლება დაიყოს, როგორც გაურთულებელი და გართულებული. 
გაურთულებული სგი - იგულისხმება მწვავე ცისტიტი ქალებში და მწვავე პიელონეფრიტი სხვაგვარად ჯანმრთელ მოზრდილებში (როდესაც საშარდე ტრაქტში არ არსებობს ფუნქციური ან სტრუქტურული დარღვევები ან სხვა ისეთი დაავადებები, რომლებიც გაზრდიან სგი-ის განვითარების ან უშედეგო მკურნალობის რისკს). 
გართულებული სგი გულისხმობს ისეთ მდგომარეობებს, როდესაც არსებობენ მიზეზები, რომლებიც ხელს უწყობენ საშარდე ორგანოების ინფექციის განვითარებას და ართულებენ ეფექტურ მკურნალობას (იხ. ზევით ინფექციის ხელისშემწყობი ფაქტორები).



No comments:

Post a Comment