Sunday, April 3, 2016

შარდსაწვეთის; შარდის ბუშტის; შარდსადენის; სათესლე ჯირკვლისა და ასოს ტრავმები






 შარდსაწვეთის ტრავმა 
ძირითადი ღია ტრავმის შედეგია (ცეცხლნასროლი, ნაკვეთი, იატროგენული). იშვიათად დახურული ტრავმის დროსაც არის შესაძლებელი (მაგ. სწრაფი დამუხრუჭებისას).

კლინიკური ნიშნები: ობსტრუქციული უროპათიის დამახასიათებელი სიმპტომები, გამჭვირვალე სითხის გამოყოფა ჭრილობის სადრენაჟო მილიდან.

კვლევის მეთოდები: სადრენაჟო მილიდან გამოყოფილ სითხეში კრეატინინის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია ვიდრე სისხლში; ულტრასონოგრაფიით და ექსკრეტორული უროგრაფიით – ზედა საშარდე გზების უროდინამიკის დარღვევის ნიშნებია, თუმცა ეს უკანასკნელი არ აღინიშნება შარდის თავისუფლად გადინების შემთხვევაში მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეულ სივრცეში. საეჭვო შემთხვევებში – ცისტოსკოპია და რეტროგრადული ურეთეროპიელოგრაფია.

მკურნალობა: შარდსაწვეთის ნაწილობრივი დაზიანებისას – სტენტირება ჟ-ს მაგვარი სტენტით. ინტრაოპერაციული დაზიანების დროული გამოვლენის შემთხვევაში – შარდსაწვეთის მთლიანობის აღდგენა, დისტალური შარდსაწვეთის დაზიანების შემთხვევაში კი – ბოარის ოპერაცია, ან ურეტეროცისტონეოსტომია ფსოასზე ფიქსირებით ან ურეტერო-ურეტეროანასტომოზის დადება. შარდსაწვეთის დაზიანების მოგვიანებით აღმოჩენის შემთხვევაში – ურინომის და ზედა საშარდე გზების დრენირება პერკუტანული გზით; შემდგომ პლასტიკა.


 შარდის ბუშტის ტრავმა 
ღია (ცეცხლნასროლი, ნაკვეთი), დახურული (რეპტურა, დაზიანება მცირე მენჯის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტებით), იატროგენული (შარდის ბუშტის სიმსივნის ტრანსურეთრული რეზექციისას, საკეისრო კვეთისას), ექსტრაპერიტონეული და ინტრაპერიტონეული.

კლინიკური ნიშნები: რეტროგრადული ცისტოგრაფია (მინიმუმ 400 მლ საკონტრასტო ნივთიერების შემცველი სითხით). მოშარდვის შემდგომ განმეორებითი რენტგენოგრაფია.

მკურნალობა: მკურნალობა ოპერაციულია – დეფექტის გაკერვა გაწოვადი საკერი ძფებით, შარდის ბუშტის მთლიანობის აღდგენა და ეპიცისტესტომია.


 ურეთრის ტრავმა 
წინა და უკანა ურეთრის ტრავმის მექანიზმები ხშირად განსხვავებულია. წინა ურეთრის დაზიანება უფრო ხშირად განპირობებულია ბლაგვი, მახვილი ან ცეცხლნასროლი ტრავმით. უკანა ურეთრის (ბულბური ნაწილი) დაზიანება განპირობებული შორისის არეში მიყენებული  ტრავმით, მემბრანული ნეწილის დაზიანება კი განპირობებულია მენჯის ძვლების მოტეხილი ფრანგმენტებით.

კლინიკური ნიშნები: ურეთრორაგია; შარდვის გაძნელება; სისხლჩაქცევა, შემოსაზღვრული სასქესო ასოთი (ბაკის ფასციით დაუზიანებლობის შემთხვევაში) ან გავრცელებული შორისისაკენ და მუცლისკენ, ლავიწამდეც კი – ძლიერი სისხლდენისას (ბაკის ფასციის დაზიანების შემთხვევაში).

კვლევის მეთოდები: რეტროგრადული ურეთროგრაფია. ექსტრემალურ სიტუაციაში – არასტაბილური ჰემოდინამიკა კომბინირებული ტრავმისას – შესაძლებელია ურეთროგრაფია არ ვაწარმოოთ და ვცადოთ ურეთრის კათეტერიზაცია ძალდატანების გარეშე. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ დაისმება ოპერაციული რევიზიის საკითხი.

მკურნალობა: ურეთრის კათეტერიზაცია (სილიკონის კათეტერით) 10-14 დღე, წინა ურეთრის დაჟეჟილობის შემთხვევაში; ურეთრის მთლიანობის აღდგენა კათეტერზე, წინა ურეთრის ნაკვეთი ჭრილობის ან ასოს მოტეხილობის შემთხვევაში. ეპიცისტოსტომია (უმჯობესია ტროაკარული) წინა ურეთრის დახურული ტრავმების შემთხვევებში, 3-4 კვირის შემდგომ შარდვის აღდგენის მცდელობით – უშედეგობის შემთხვევაში –
ოპერაციული მკურნალობა: ოპტიკური ურეთროტომია ან ურეთრია პლასტიკა;
უკანა ურეთრის დაზიანებისას ნაჩვენებია ოპერაციული შარდის ბუშტის რევიზია და ეპიცისტოსტომია, მოგივიანებით ეტაპზე – ურეთრის პლასტიკა.



 სათესლე ჯირკვლის ტრავმა 
უფრო ხშირად გვხვდება დახურული ტრავმა ვიდრე – ღია. კლინიკური ნიშნები: სკროტალური შეშუპება და ძლიერი ტკივილი.

კვლევის მეთოდები: ულტრასონოგრაფიული კვლევით შესაძლებელია გამოვავლინოთ სათესლე ჯირკვლის რუპტურა – ჰიპოექოგენური არეები სათესლე ჯირკვლის პარენქიმაში, თეთრი გარსის დეფექტი. თუმცა ამ უკანასკნელის არარსებობა (ულტრასონოგრაფიულად) არ გამორიცხავს სათესლე ჯირკვლის მთლიანობის დარღვევას.

მკურნალობა: რუპტურის გამოვლენისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, ნაჩვენებია სათესლე ჯირკვლის ოპერაციული რევიზია და მთლიანობის აღდგენა, მნიშვნელოვანი დაზიანებისას – ჰემიკასტრაცია.


 სასქესო ასოს მოტეხილობა 
ეს იშვიათი დაზიანება ვითარდება სქესობრივი აქტის დროს. ამ დროს ადგილი აქვს კავერნოზული სხეულის დაზიანებას, თეთრი გარსის მთლიანობის დარღვევით. შემთხვევათა 10-20%-ში, მღვიმოვანი ქსოვილის დაზიანებას თან ახლავს ურეთრის სპონგიოზური ქსოვილის დაზიანებაც.

კლინიკური ნიშნები: მოტეხილობას ახასიათებს ძლიერი გასკდომის ხმა, ერექციის სწრაფი შეწყვეტა, ტკივილი, სასქესო ასოს სისხლჩაქცევის განვითარება და შეშუპება. რამოდენიმე საათის შემდგომ ვითარდება სასქესო ასოს ე.წ. `ბადრიჯნისებური~ დეფორმაცია. თანმხლებ სპონგიოზური ქსოვილის დაზიანებას ყოველთვის არ ახლავს ურეთრორაგია.

კვლევის მეთოდები: ულტრასონოგრაფია ავლენს კავერნოზული ქსოვილისა და თეთრი გარსის დაზიანებას, თუმცა – ვერ ავლენს სპონგიოზური დაზიანებას. ამიტომ, ზოგიერთ კლინიკაში ასოს მოტეხილობის დიაგნოსტიკის მიზნით ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსსაც იყენებენ, რადგანაც მას აქვს უნარი გამოავლინოს როგორც კავერნოზული ასევე სპონგიოზური ქსოვილის დაზიანება.

მკურნალობა: მკურნალობა ოპერაციულია – თეთრი გარსის მთლიანობის აღდგენა თუმცა ზოგერთი ექიმი  კონსერვატული მკურნალობის მომხრეა.

No comments:

Post a Comment