Friday, April 1, 2016

ტკივილი

უროლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ხშირი და წამყვანი  სიმპტომია  ტკივილი. ტკივილი შესაძლებელია  იყოს  სხვადასხვა ხასიათის  და  ინტენსივობის და  მისი ძირითადი მიზეზია საშარდე გზების  ობსტრუქცია  გამოწვეული  ანთებითი, სიმსივნური,  შარდკენჭოვანი  დაავადებებით და საშარდე  ორგანოების  ტრავმული დაზიანებით. 

ტკივილი  ლუმბალურ  არეში ირადიაციით საზარდულში დამახასიათებელია თირკმლის  პათოლოგიებისთვის;  
ბოქვენზედა  მიდამოში - შარდის ბუშტის;  
შორისის  არეში - პროსტატისა  და  სათესლე  ბუშტუკების შემთხვევაში
სათესლე  პარკში  ტკივილს  განაპირობებს  სათესლე ჯირკვლებისა  და მისი დანამატების პათოლოგია.

         
 თირკმლის ტკივილი 
ტკივილი  თირკმლის  დაავადებებისას  ლოკალიზებულია ლუმბალურ  არეში კოსტოვერტებრულ  კუთხეში, საკროსპინალური კუნთის ლატერალურად  და მეთორმეტე ნეკნის  ქვემოთ.  ტკივილმა შეიძლება ირადიაცია განიცადოს ჭიპისკენ, ფერდქვეშა  და  საზარდულის  არეში,  სათესლე  ჯირკვალსა  და  სასირცხო  ბაგეებში.   თირკმლისმიერი  ტკივილი  თავისი  ინტენსიობის  მიხედვით   არის ყრუ  ან  შეტევითი ხასიათის (თირკმლის  ჭვალი)  და მისთვის  დამახასიათებელია  დადებითი პასტერნაკის სიმპტომი (წელზურგის  არეში  ხელის  მსუბუქი შემორტყმით  აღინიშნება მტკივნეულობა).
ყრუ  ხასიათის  ტკივილით  მიმდინარეობს  თირკმლის  ანთებითი, კენჭოვანი, კისტოზური  და  სიმსივნური  დაავადებები,  თირკმლის  I-II ხარისხის  დახურული ტრავმული  დაზიანება.   მოშარდვის  აქტის  შემდგომი  ტკივილი   თირკმლის  არეში დაკავშირებულია  შარდის  ბუშტ-შარდსაწვეთის  რეფლუქსთან.  
თირკმლის  ჭვალი  ვითარდება  უეცრად,  ზედა  საშარდე  გზების  მწვავე  ობსტრუქციის დროს,  რომლის  მიზეზი  შესაძლებელია  იყოს  თირკმლის  და  შარდსაწვეთის  კენჭები, სისხლის  კოლტი,  შარდსაწვეთის  გადაგრეხა  თირკმლის  ფტოზის  დროს.  ამ  დროს თირკმლის  ღრუოვან  ნაწილებში  შეგუბებული  შარდი  თირკმლისშიდა წნევის მომატებას  იწვევს,  რომელიც   მენჯის  ბარორეცეპტორების  მიერ  გადაეცემა  ზურგის ტვინის  შესაბამის  სეგმენტს,  შემდეგ  თავის  ტვინის  ქერქს,  სადაც  ტრანსფორმირდება როგორც  ტკივილი.  თირკმლის  ღრუოვან  ნაწილებში  წნევის   მატების  შედეგად ხდება თირკმლის  სისხლძარღვების  რეფლექტორული  სპაზმი,  რომელიც  ზრდის იმპულსების ნაკადს  ზურგის  ტვინში  და  აძლიერებს  ტკივილს.  ვითარდება თირკმლის  პარენქიმის შეშუპება  და  მისი ზომაში  მომატება,  რაც  იწვევს რეცეპტორებით  მდიდარი ფიბროზული  კაფსულის  გადაჭიმვას  და  ტკივილის ინტენსიობას კიდევ  უფრო ზრდას. თირკმლის  ჭვალის  დროს  პაციენტი  მოუსვენარია,  ტკივილის  შემცირების  მიზნით ცდილობს  მიიღოს   მოხერხებული  პოზა,  იცვლება  პულსი, არტერიული  წნევა, სხეულის  ტემპერატურა.  
თირკმლის  ჭვალის  დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ  მწ. ქოლეცისტიტთან, პანკრეატიტთან, კუჭის წყლულის პერფორაციასთან, რეტროპერიტონულ და ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგიასთან. ინტრაპერიტონული წარმოშობის ტკივილი იშვიათად არის შეტევითი  ხასიათის. მას ახასიათებს ირადიაცია მხარში და  დიაფრაგმისკენ,  რაც არ გვხვდება თირკმლის ჭვალის დროს. მუცლის  ღრუს  ორგანოთა  პათოლოგიისას, განსხვავებით  თირკმლის  ჭვალისგან,  პაციენტებს ურჩევნიათ უმოძრაოდ წოლა, რათა შეიმსუბუქონ ტკივილი.  ტკივილი ნეკნთაშუა ნევრალგიის  დროს   არ გხვდება ჭვალის სახით, როგორც ეს არის თირკმლის შემთხვევაში.

           
 შარდსაწვეთის ტკივილი 
შარდსაწვეთის ტკივილის  მიზეზია  მისი  სანათურის  კენჭით,  სიმსივნური წარმონაქმნით, სისხლის კოლტით სრული  ობსტრუქცია  ან  სიმსივნის   გარეგანი ზეწოლა.  ობსტრუქციის  შედეგად  იზრდება შარდსაწვეთის  შიდა  წნევა,  ვითარდებაა ჰიპერპერისტალტიკა და გლუვი კუნთების სპაზმი. შარდსაწვეთის ობსტრუქციის ლოკალიზაციის   დადგენა შესაძლებელია ტკივილის  ხასიათის  მიხედვით.
შარდსაწვეთის ზედა მესამედის ობსტრუქციისთვის  დამახასიათებელია  ტკივილის ირადიაცია მუცლის ზედა ნახევარში. ტკივილის დიფერენცირება უნდა მოხდეს მწვავე ქოლეცისტიტთან, პანკრეატიტთან, კუჭის წყლულთან.
შარდსაწვეთის შუა მესამედის ობსტრუქციის დროს ტკივილი გადაეცემა მუცლის ქვემო ნახევარსა და მცირე მენჯში,  შესაძლებელია   ტკივილის ირადიაცია მამაკაცებში სათესლე  ჯირკვლებში,  ხოლო  ქალებში  სასირცხო ბაგეებზე.
შარდსაწვეთის ქვემო მესამედის ობსტრუქცია ხშირად იძლევა  შარდის  ბუშტის პათოლოგიებისთვის  დამახასიათებელ  სიმპტომებს, მათ შორის გახშირებული შარდვა, მოშარდვის იმპერატიული მოთხოვნები,  დისკომფორტი  ბოქვენზედა  არეში  და ტკივილი შარდსადენი მილის გასწვრივ.


 შარდის ბუშტის ტკივილი 
შარდის ბუშტის ტკივილი  ვითარდება  მისი  ღია  ან  დახურული  ტრავმული დაიზანების,  შარდის მწვავე შეკავების დროს  ბუშტის  კედლის  გადაჭიმვის ან ანთებითი, კენჭოვანი  და  სიმსივნური  დაავადებისას. ბაქტერიული ან ინტერსტიციული ცისტიტის დროს   ტკივილი  აღინიშნება  სავსე  შარდის  ბუშტისას  და სრულად  ან ნაწილობრივ ქრება მოშარდვის  შემდეგ.


 პროსტატის, ასოს და  სათესლე პარკის ტკივილი 
ტკივილს  პროსტატის  არეში  იწვევს ანთებისა და შეშუპების შედეგად მისი კაფსულის გადაჭიმვა. პროსტატული წარმოშობის ტკივილი   ლოკალიზებულია  მუცლის ქვედა, ინგუინალურ, პერინეალურ, ლუმბოსაკრალურ და რექტალურ მიდამოში. პროსტატის ტკივილს ხშირად  თან  ახლავს  მოშარდვის  აქტის  დარღვევები.
ტკივილი   ასოს  არეში  შეიძლება გამოიწვიოს პარაფიმოზმა, ბალანოპოსტიტმა, სიმსივნემ,  ტრავმამ. ტკივილი ერეგირებულ ასოში ძირითადად აღინიშნება პეირონის დაავადების და პრიაპიზმის დროს.
სათესლე პარკის და  მისი  ორგანოების ტკივილი არის ყრუ,  ან  შეტევითი  ხასიათის. ყრუ ხასიათის  ტკივილის  მიზეზია  ორქოეპიდიდიმიტი,  ვარიკოცელე,  სათესლე ჯირკვლის სიმსივნე,  ჰიდროცელე.  მწვავე  ტკივილს  იწვევს  სათესლე  ჯირკვლის  ან მისი დანამატის  შემოგრეხა,  ტრავმა.  სათესლე  პარკის  თმის ფოლიკულის ან საოფლე ჯირკვლის ინფიცირება, ფურნიეს განგრენა  ასევე  მიზეზია  ტკივილის  განვითარების.

No comments:

Post a Comment