Sunday, April 3, 2016

პროსტატის კიბო


პროსტატის კიბო ვითარდება უხშირესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. პროსტატის კიბო შედარებით ნელა მზარდი სიმსივნეა და ძალიან იშვიათად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსტატის კიბო არის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება მამაკაცებში და სიკვდილის მიზიზიბში იგი ჩამორჩება მხოლოდ ფილტვის კიბოს.
დასავლეთის ქვეყვენის მოქალაქე მამაკაცებისათვის სიცოცხლის განმავლობაში მიკროსკოპულიად პორსტატის კიბოს განვითარების რისკი შეადგენს 30%-ს, თუმცა გამომდინარე მისი ნელა მზარდი ბუნებისა, კნილიკურ მნიშვნელობას ეს დაავადები იძენს მხოლოდ მამაკაცთა 10% და მხოლოდ 3%-ში შეიძლება დასრულდეს ლეტალური გამოსავლით (დანარჩენი პაციენტები იღუპებიან სხვა მიზეზით და არა პროსტატის კიბოს გამო). ბოლო ათწლეულებში მოსახლეობის დაბერების პროცესის პარალელურად აღინიშნება პროსტატის კიბოს სიხშირის გაზრდაც.

ცნობილია პროსტატის კიბოს განვითარების ზოგიერთი რისკ-ფაქტორი:

1. მათგან ერთ-ერთი მთავარია მემკვიდრული დატვირთვა: პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 1.7-ჯერ უფრო მაღალია იმ მამაკაცებისათვის, რომელთა “მეორე ხარისხის” რომელიმე ნათესავს (ბიძა, ბაბუა, ბიძაშვილი) ჰქონდათ (აქვთ) ეს დაავადება, ორჯერ უფრო მაღალი მათთვის, ვისი “პირველი ხარისხის” ნათესავიც (მამა, ძმა) დაავადებული იყო ამ დაავადებით, და 9-ჯერ მაღალია იმ მამაკაცებისათვის, რომელთა რამდენიმე ნათესავიც (“პირველი” თუ “მეორე ხარისხის”) იყო (არის) ავად პროსტატის კიბოთი.  ცნობილია, აგრეთვე, რომ დაავადების განვითარება ხელს უწყობს საკვები (ჭარბად ხორცი და ცხოველური ცხიმები), ჰორმონალური სტატუსი. რასა გარკვეულ როლს თამაშობს – აფროამერიკელებში სიხშირე მაღალია და აზიელებში (იაპონელებში და ჩინელებში) კი შედარებით დაბალი. ალკოჰოლის მიღების, თამბაქოს მოწევის, სექსუალური ანამნეზისა და სიმსუქნის კავშირი პროსტატის კიბოსთან დადასტურებული არ არის.

პროსტატის კიბო თავისი ქსოვილოვანი შენებით არის ადენოკარცინომა (ჯირკვლოვანი კიბო). პროსტატის ქსოვილი (ნორმალური და სიმსივნური) იზრდება მამაკაცის ჰორმონების – ანდროგენების ზემოქმედებით. ამიტომაც პროსტატის კიბო მიეკთვნება ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეების ჯგუფს (ქალებში – სარძევე ჯირკვლის კიბო).

სიმსივნური პროცესი ძირითადად ვითარდება პროსტატის პერიფერიულ წილებში და ხშირად იზრდება სწორი ნაწლავის მიმართულებით – ასეთ შემთხვევაში არ იწვევს მოშარდვის აქტის დარღვევას; იშვიათად სიმსივნე ვითარდება გარდამავალი ზონიდან (შარდსადენი მილის ახლობლობაში) და ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს მოშარდვის აქტის დარღვევას დაავადების ადრეულ ეტაპზე.

პროგრესირებასთან ერთად, სიმსივნური პროცესი შეიძლება ჩაიზარდოს სათესლე ბუშტუკებში, შარდის ბუშტის ყელში, სწორი ნაწლავის ლორწოვანში, შარდის ბუშტის განივზოლიან სფინქტერში, მენჯის კუნთოვან და ძვლოვან კედელში.

სიმსივნური უჯრედები ვრცელდება ლიმფური სადინრებით, პირველად მენჯის ღრუს ლიმფურ კვანძებში, ამის შემდეგ სიმსივნური უჯრედები შეიძლება გავრცელდეს სხვა (არა მენჯის ღრუს)  ლიმფურ კვანძებში, ძვლებში და სხვა შინაგან ორგანოებში (ღვიძლი, ფილტვები).

პროსტატის ადენოკარცინომა არის ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნე, მაგრამ იგი ყოველთვის შეიცავს ჰორმონებისადმი რეზისტენტულ უჯრედებს (რომლებიც სიცოცხლეს განაგრძობენ მიუხედავად კასტრაციისა). კასტრაციის ფონზე ყველა პროსტატის კიბო ოდესღაც ხდება ჰორმონორეზისტენტული და იმ ეტაპზე იწყება დაავადების პროგრესირება – დაავადება გადადის ე.წ. ჰორმონო-რეფრაქტერულ ფაზაში.

სიმსივნური პროცესის გავრცელების მიხედვით განირჩევა:
ლოკალური დაავადება - სიმსივნური პროცესი არ სცილდება პროსტატის საზღვრებს
ლოკალურად გავრცელებული დაავადება - სიმსივნური პროცესი გასულია პროსტატის კაფსულის მიღმა ან/და აღინიშნება მენჯის ლიმფური ჯირკვლების სიმსივნური დაზიანება
ზოგადად გავრცელებული დაავადება - შორსწასული შემთხვევები, როდესაც აღინიშნება პროსტატის სიმსივნის მეტასტაზები მენჯის ღრუს გარეთა  ლიმფურ კვანძებში, ძვლებში და სხვა შინაგან ორგანოებში, მაგ. ღვიძლი, ფილტვები.


პროსტატის კიბო დაავადების ადრეულ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თავისით არ გამოვლინდება გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სიმსივნური პროცესი აღმოცენდება პროსტატის ჰიპეპლაზირებულ გარდამავალ ზონაში შარდსადენი მილის მახლობლობაში – ასეთ შემთხვევებში პაციენტებს აღენიშნებათ ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომები (ისეთივე, როგორც პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს) და ოპერაციული მკურნალობის შედეგად მორფოლოგიური კვლევით ხდება შემთხვევითი აღმოჩენა (კატეგორია T1a-b).

ლოკალურად გავრცელებული (ან ზოგადად) დაავადება შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ფორმით:
ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების სახით ან შარდის შეკავებით (შარდსადენი მილის მიმართულებით ზრდა);
ჰემატურია, დიზურია, შარდის შეუკავებლობა (სიმსივნური ქსოვილის ადგილობრივად ექსტენსიური ზრდის გამო);
ბოქვენზედა, შორისისა და მენჯის არეში ტკივილი (კაფსულას მიღმა გასული სიმსივნური ქსოვილის ინვაზია ნერვებსა და კუნთებში, ან მენჯის ძვლოვან ჩონჩხში);
ყაბზობა, ტენეზმები, გაუვალობა (სწორი ნაწლავის მიმართულებით სიმსივნის ზრდის შედეგად);
ჰემოსპერმია (სათესლე ბუშტუკებში სიმსივნის ჩაზრდის გამო – რაც შედარებით იშვიათია)
ზოგადად გავრცელებული დაავადება შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ფორმით:
ძვლის ან რადიკულური ტკივილი;
ზურგის ტვინზე ზეწოლის შედაგად პარაპლეგია;
ლიფური ჯირკვლების გადიდება და ლიმფოსტაზი;
ანურია შარდსაწვეთების ბლოკირების გამო;
ზოგადი კახექსია და ანემია

განკურნებადად ითვლება მხოლოდ ლოკალური დაავადება (კატეგორიაT1a-b). რომელიც კლინიკურად თავისთავად არ ვლინდება – ერთადერთი გზა არის აქტიური სკრინინგი 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში.



ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება პროსტატის თითით გასინჯვას სწორი ნაწლავიდან და სისხლში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრას.

- სწორი ნაწლავიდან თითით გასინჯვით პროსტატაში შეაძლებელია დაფიქსირებულ იქნას მკვრივი კვანძის არსებობა პროსტატის რომელიმე ან ორთავე წილის სიღრმეში, ან ეს კვანძი შესაძლებელია გამოდიოდეს პროსტატის საზღვრებს გარეთ და დაკავშირებული იყოს მეზობელ სტრუქტურებთან).

- პროსტატის სპეციფიური ანტიგენი (PSA) არის ცილოვანი ნივთიერება, რომლის კონცენტრაციაც ჯანმრთელ მამაკაცებში არ უნდა აჭარბებდეს 4 ნგ/მლ (ნანოგრამი მილილიტრში). მისი კონცენტრაციის მომატება  სისხლში უბიძგებს უროლოგს, ეძიოს პროსტატის კიბოს არსებობა, თუმცა მისი დონე იმატებს ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, პროსტატიტის, ახლად ჩატარებული სქესობრივი აქტის, ან პროსტატაზე მანიპულაციის შედეგად. პროსტატის სპეციფიური ანტიგენის მნიშვნელოვანი მომატება თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია პროსტატის კიბოსთან.
თუკი ამ ორი კვლევიდან, რომელიმე მათგანის შედეგი საეჭვოა პროსტატის კიბოს არსებობაზე, უროლოგის მიერ კეთდება პროსტატის ბიოფსია (პროსტატიდან და ასევე საეჭვო უბნიდან ძალიან მცირე ზომის ქსოვილის აღება მორფოლოგიური კვლევისათვის). ბიოფსია შესაძლებელია აღებულ იქნას სპეციალური საბიოფსიო “თოფით” ან სპეციალური საბიოფსიო ნემსით; მიდგომა შესაძლებელია როგორც სწორი ნაწლავიდან ექოსკოპიის კონტროლით (რეკომენდებული!) ან მის გარეშე – მხოლოდ თითის კონტროლოთ, ასევე შორისის კანიდან.


პროსტატის კიბოს მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე (ლოკალური, ლოკალურად გავრცელებული თუ ზოგადად გავრცელებული) და თვით პაციენტის ასაკსა და მდგომარეობაზე. ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბო განკურნებადი დაავადებაა – ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ დაავადების დროულ გამოვლენას განკურნებად სტადიაში.

ლოკალური პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდები:
აქტიური მეთვალყურეობა - როდესაც თვით დაავადება არანაირ პრობლემებს არ უქმნის პაციენტს, PSA არ არის ძალიან მაღალი (20 ნგ/მლ-მდე), პაციენტი არის 70 წელს გადაცილებული და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში სიმსივნური პროცესის გააქტიურება და მისგან პრობლემები არ არის მოსალოდნელი.

რადიკალური ოპერაციული მკურნალობა - რადიკალური პროსტატექტომია - როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა  დამაკმაყოფილიბელია, სიმსივნური პროცესი არ სცდება პროსტატის ფარგლებს და სისხლში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის დონე არ არის მაღალი). არსებობს რადიკალური პროსტატექტომიის ორი ტექნიკური სახეობა – ღია ოპერაციული (მუცლიდან განაკვეთით და შორისის მიდგომით) და ასევე ლაპაროსკოპიულად, რამაც დიდი პოპულარობა მოიპოვა დასავლეთში. აღნიშნული ოპერაციები გამაჯანსაღებელი ოპერაციებია – პაციენტთა დიდი ნაწილი (დამოკიდებულია დაავადების ლოკალურ სტადიაზე, ოპერაციის ხარისხზე და სხვა პროგნოზულ ფაქტორებზე) ხდება ჯანმრთელი ოპერაციის შემდეგ. რადიკალური პროსტატექტომიის მოსალოდნელი გართულებებია ოპერაციის დროს სისხლდენა, პოსტოპერაციულ პერიოდში კი - იმპოტენცია და ძალიან იშვიათად შარდის შეუკავებლობა.


სხივური თერაპია - როდესაც ოპერაციული მკურნალობის რისკი მაღალია, ან პაციენტ თავს იკავებს ოპერაციისაგან, მაგრამ პაციენტის მკურნალობის გარეშე დატოვება არ შეიძლება). მოსალოდნელი გართულებელია რადიაციული ცისტიტი და პროქტიტი (დასხივებით გამოწვეული შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ანთება). არსებობს გარეგანი დასხივება ან რადიაქტიური მასალის ჩანერგვა თვით პროსტატაში. ონკოლოგიური გაჯანსაღების თვალსაზრისით სხივური თერაპია ჩამორჩება რადიკალურ პროსტატექტომიას.



ლოკალურად გავრცობილი პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდები:
ჰორმონალური მკურნალობა - პროსტატის სიმსივნე არის ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნე – მისი ზრდა დამოკიდებულია მამაკაცის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების არსებობაზე. ჰორმონალური მკურნალობა მიმართულია მამაკაცის ორგანიზმიდან ანდროგენების მაქსიმალური მოცილებისაკენ. მამაკაცის ორგანიზმში ანდროგენების ძირითადი წყაროა სათესლე ჯირკვლები. ჰორმონალური მკურნალობა არსებობს მედიკამენტური (ესტროგენები, LHRH-ის ანალოგები) და ქირურგიული (ოპერაცია სათესლე ჯირკვლებზე). ორივე მეთოდი გავლენა ახდენს მხოლოდ სათესლე ჯირკვლების მიერ ანდროგენების გამომუშავებაზე. მიუხედავად ამისა, მამაკაცის ორგანიზმში ანდროგენები გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლებშიც - პროსტატის ქსოვილზე მათი ზეგავლენის გასანეიტრალებლად დამატებით გამოიყენება ე.წ. ანტიანდროგენები, რომლების აბლოკირებენ ანდროგენების მასტიმულირებელ მოქმებდებას პროსტატის სიმსივნურ უჯრედებზე. ასეთ კომბინაციას (ჰორმონოთერაპია + ანტიანდროგენები) ეწოდება მაქსიმალური ანდროგენული ბლოკადა (მაბ).

აქტიური მეთვალყურეობა - როდესაც თვით დაავადება არანაირ პრობლემებს არ უქმნის პაციენტს, პსა არ არის ძალიან მაღალი (20 ნგ/მლ-მდე), პაციენტი არის 70 წელს გადაცილებული და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში სიმსივნური პროცესის გააქტიურება და მისგან პრობლემები არ არის მოსალოდნელი). თუმცა პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რომ დროულად იქნას გამოვლენილი დაავადების პროგრესირება და  დანიშნული შესაფერისი მკურნალობა.

სხივური თერაპია ჰორმონოთერაპიით - გარეგანი დასხივება ან იმპლანტაცია (ამ ორი მეთოდის კომბინაცია აღემატება ცალ-ცალკე მეთოოდით მკურნალობის შედეგებს).


ზოგადად გავრცელებული პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდებია:
ჰორმონალური მკურნალობა - მხოლოდ ჰორმონოთერაპია ან მაქსიმალური ანდროგენული ბლოკადა (მაბ).

სხივური თერაპია ჰორმონალური მკურნალობის ფონზე (ძვლის მტკივნეული მეტასტაზების დასხივება). გარეგანი დასხივება ან რადიაქტიური სტრონციუმის ინტრავენური შეყვანა, რომელიც შემდგომ ჩალაგდება ძვლის დაზიანებულ უბნებში.


ჰორმონო-რეფრაქტერული დაავადების მკურნალობა:
ქიმიოთერაპია  - პროსტატის კიბოს უჯრედებზე ქიმიოპრეპარატები ნაკლებად ზემოქმედებს, მაგრამ როდესაც პროცესი არ ემორჩილება ჰორმონულ მკურნალობას, ასეთ შემთხვევებში ზოგიერთი ქიმიოპრეპარატი გარკვეული ეფექტურობით გამოირჩევა – ციკლოფოსფანი, მიტომიცინი, ტაქსოტერი – თუმცა მათი ეფექტურობა ერთოდ შეზღუდულია.
ალიატიური სხივური თერაპია - ძვლის მტკივნეული მეტასტაზების დასხივება. გარეგანი დასხივებით ან რადიაქტიური სტრონციუმის ინტრავენური შეყვანით.





1 comment:

  1. მაქვს წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა, პესეა 6,65) სიმსივნე, ქირურგიულ ჩარევაზე უარი მითხრეს, რადგან შემდგომ გამოიწვევდა გართულებებს და შემომთავაზეს ალტერნატივა-სხივური და გორმონალური თერაპია. გთხოვთ, გამომეხმაუროთ და მირჩიოთ რომელზე შევაჩერო არჩევანი, ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ვიმყოფები დეპრესიულ მდგომარეობაში

    ReplyDelete