Friday, April 1, 2016

შარდის თვისებრივი ცვლილებები


ჰიპოსტენურია – შარდის  ხვედრითი  წონის  დაქვეითება (1002-1010).  ვითარდება თირკმელების  უკმარისობის  დროს  გლომერულური  ფილტრაციის  დარღვევის შედეგად.

იზოსტენურია – მდგომარეობა,  როდესაც  დროის  სხვადასხვა  შუალედში  პაციენტი გამოყოფს  ერთნაირ  დაბალი  ხვედრითი  წონის  შარდს  და  აღინიშნება  თირკმელების უკმარისობის  პროგრესირებისას.

ჰიპერსტენურია – შარდის  ხვედრითი  წონის  მომატება,  კავშირში  არ  არის თირკმელების  პათოლოგიასთან  და  მისი მიზეზია  შაქრიანი  დიაბეტი ჰიპერპარათირეოზი,  მძიმე  მეტალებით  მოწამვლა.



* * *

პიურია – შარდში ჩირქის (ლეიკოციტების) არსებობა – აღინიშნება საშარდე  ორგანოების კენჭოვანი  და ანთებითი  დაავადებების (პიელონეფრიტი,  პიონეფროზი,  საშარდე გზების  ტუბერკულოზი,  ცისტიტი,  ურეთრიტი,  პროსტატიტი  და  სხვ.) დროს. პიურიის  ინტენსიობის  მიხედვით,  შეიძლება  განისაზღვროს  ანთებითი  პროცესის სიმძიმე.  მნიშვნელოვანი  პიურია  ვლინდება  მაკროსკოპულადაც,  მცირე  რაოდენობის ლეიკოციტების  განსაზღვრა  ხდება  შარდის  ნალექის  მიკროსკოპული  კვლევით.

მიოგლობინურია – შარდში  მიოგლობინის  არსებობა,  რომელიც  განაპირობებს  მის მუქ წითელ  ფერად  შეფერვას  და  ვითარდება  ხანგრძლივი  ზეწოლის,  ანუ  კრაშ სინდრომის  დროს.

ცილინდრურია – შარდში  ცილინდრების  არსებობა – ვლინდება  ნეფრიტის,  გლომერულონეფრიტის და ნეფროტოქსიური  მედიკამენტების  გამოყენების დროს.  გვხვდება  ჭეშმარიტი  და  ცრუ ცილინდრურია.  ჭეშმარიტ  ცილინდრურიას  მიეკუთვნება ჰიალინური,  მარცვლოვანი,  ცვილისებური,  ხოლო  ცრუს – შარდმჟავა  მარილების,  მიოგლობინის  და  ბაქტერიების.  უროლოგიური  დაავადებებისათვის  ძირითადად  დამახასიათებელია ჰიალინური  ცილინდრები.

ბაქტერიურია – შარდში  ბაქტერიების  არსებობა.  ნორმაში  შარდი  არის  სტერილური. ბაქტერიების  გამოჩენა  დაკავშირებულია  საშარდე  ორგანოების  სხვადასხვა პათოლოგიებთან.  ბაქტერიოსკოპიით  ხდება  მიკროორგანიზმების  არსებობის დადგენა, ხოლო  ბაქტერიოლოგიური მეთოდებით  განისაზღვრება  მათი   სახე  და  რაოდენობა 1მლ  შარდში.    
   
პნევმატურია – შარდთან ერთად ჰაერის (გაზის) ბუშტუკების გამოყოფა.  პნევმატურია შესაძლებელია  თან ახლდეს  ინსტრუმენტულ  გამოკვლევებს  (ცისტოსკოპია, კათეტერიზაცია),  შარდის  ბუშტის  კონტრასტირებისთვის  ჟანგბადის  გამოყენებას  ან საშარდე  და  საჭმლის  მომნელებელ  ტრაქტს  შორის  ფისტულების  არსებობას.

ლიპურია – შარდში ცხიმოვანი მასების  არსებობა.  ვიზუალურად  აღინიშნება  ცხიმის არსებობა  შარდის  ზედაპირზე.  გვხდება  თირკმლის  კაპილარების ცხიმოვანი ემბოლიისას,  რომელიც  თან  ახლავს  ლულოვანი  ძვლების  მოტეხილობებს  დიაბეტის დროს.  

ჰილურია – შარდში ლიმფის შერევა, როდესაც შარდი ღებულობს რძის ფერს  და კონსისტენციას.  ჰილურიის  მიზეზია  ანთებითი  და  სიმსივნური  პროცესების  და ტრავმის  დროს  მსხვილ  ლიმფურ  სადინრებსა  და  საშარდე სისტემას  შორის (თირკმლის  ფიალები,  მენჯი) ფისტულების  ჩამოყალიბება.
   
ჰიდატურია – შარდში  ექინოკოკის წვრილი შვილეული ბუშტუკების  გამოყოფა, თირკმლის  ჰიდატური  ცისტის  საშარდე  გზებში  გახსნისას.
 
ფეკალურია – შარდში განავლის მასების შერევა სიმსივნური  დაავადებების  დროს, შარდის  ბუშტ-სწორ ნაწლავს  შორის განვითარებული  ფისტულის  შემთხვევაში.

No comments:

Post a Comment