Friday, April 1, 2016

ჰემატურია

ჰემატურია - ნორმაში  შარდში  სისხლის  შემცველობა  მიკროსკოპულად არ  უნდა აღემატებოდეს  სამ  ერითროციტს მხედველობის  არეში.   ჰემატურია ეწოდება შარდში სისხლის ფორმიანი  ელემენტების  მეტი  რაოდენობით არსებობას. განასხვავებენ მიკრო და მაკრო ჰემატურიას.



მიკროჰემატურიის დროს  შარდში  ერითროციტების აღმოჩენა  მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით  ხდება.  მაკროჰემატურიის დროს  შარდი ვიზუალურად სხვადასხვა ინტენსიობითაა შეფერილი სისხლით.

იმის მიხედვით,  მოშარდვის  აქტის  დროს,  შარდის რომელ ულუფაში ერევა სისხლი, განირჩევა:
1. ინიციალური ჰემატურია - სისხლი  აღინიშნება  მოშარდვის  დაწყებისას
2. ტოტალური ჰემატურია - სისხლიანია   შარდის  მთელი  ულუფა
3. ტერმინალური ჰემატურია -  სისხლი ჩნდება მოშარდვის დასრულებისას


მაკროჰემატურიის დროს  შარდში  სისხლის არსებობა თვალითაც შესამჩნევია. ინტენსიური ჰემატურიისას  შესაძლებელია  მოხდეს  შარდში სისხლის  კოლტების  წარმოქმნა.  უფორმო  სისხლის  კოლტები  წარმოიქმნება  შარდის  ბუშტის  ან წინამდებარე  ჯირკვლის  დაავადებებისას  განვითარებული  სისხლდენის დროს, მოგრძო  ფორმის  კოლტები  დამახასიათებელია   სისხლდენისთვის ზედა საშარდე  გზებიდან (თირკმელი,  შარდსაწვეთი).

მაკროჰემატურიას  ზოგჯერ  თან ახლავს ტკივილი,  რომელიც  ვითარდება  სისხლის კოლტებით  საშარდე  გზების (შარდსაწვეთი,  შარდსადენი   მილი)  ობსტრუქციისას. ინტენსიური  ჰემატურიის  დროს  შესაძლებელია  მოხდეს  შარდის  ბუშტის  გადავსება სისხლის  კოლტებით  და  განვითარდეს  შარდის  შეკავება, რასაც  შარდის  ბუშტის ტამპონადა  ეწოდება.



***

როგორც  მიკრო,  ასევე  მაკროჰემატურიის მიზეზია საშარდე ორგანოების სიმსივნეები, ანთებითი და შარდკენჭოვანი დაავადებანი,  მათი  ტრავმული დაზიანება.  ჰემატურია შესაძლებელია  გამოიწვიოს  ანტიკოაგულანტების ხანგრძლივმა მიღებამ.  ნებისმიერი სახის  ჰემატურია  წარმოადგენს  მნიშვნელოვან  სიმპტომს  და პაციენტები  საჭიროებენ შარდსასქესო  სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას.


No comments:

Post a Comment