Friday, April 1, 2016

უროლოგიურ დავადებათა დიაგნოსტიკა: ანამნეზი; ფიზიკური გამოკვლევა; ინსპექცია; პალპაცია; პერკუსია; აუსკულტაცია


უროლოგიურ დავადებათა დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის სრულყოფილ შეკრებას  და  პაციენტის  ფიზიკურ  კვლევის  მონაცემებს.





ინსპექცია 
ინსპექცია   გულისხმობს  პაციენტის  გარეგნულ დათვალიერებას. მუცლის  წინა კედლის  და  წელზურგის არის  ასიმეტრია,  კანის საფარველის ფერის  ცვლილება და შეშუპება მიანიშნებს თირკმელების ამა თუ იმ დაავადებაზე.

დიდი  ზომის ჰიდრონეფროზული თირკმელი, პოლიკისტოზი,  თირკმლის  სიმსივნე შესაძლებელია მიზეზი  იყოს  მუცლის  წინა  კედლის  ასიმეტრიის, პარანეფრალური ინფექცია ან აბსცესი იწვევს  წელზურგის არეში კანის შეშუპებას  და  ჰიპერემიას.

შარდის ბუშტის ინსპექცია  შესაძლებელია შარდის მწვავე ან ქრონიკული შეკავებისას. ამ დროს ბოქვენზედა  არეში აღინიშნება  გადავსებული  შარდის  ბუშტის  კონტურები, რომელიც ზოგჯერ  ჭიპის  დონემდეც  კი  აღწევს.

სათესლე  პარკის  გარეგნული  დათვალიერებით დგინდება:  სკროტალური ჰიპოსპადია, სკროტუმის კანზე მრავლობითი კისტების (მალიგნიზირებული სიმსივნე), ინფექციის და ანთების  არსებობა,  გამოხატული  კანის შეშუპებით  და  ჰიპერემიით,  სათესლე პარკის ელეფანტიაზი (გამოწვეული ლიმფური სადინრების ობსტრუქციით ან ასოს ფილარიაზით),  სათესლე პარკის ჰემანგიომები, ლიმფედემები (ინგუინალური და ფემორალური ლიმფური ჯირკვლების რადიკალური რეზექციის გამო),  სათესლე  პარკის და  მისი  ორგანოების ტრავმის  დროს  შესაძლებელია  აღინიშნებოდეს  კანქვეშა ჰემატომები,  სკროტუმის  მთლიანობის  დარღვევა.

ასოს ინსპექციის დროს ყურადღება  ექცევა  ჩუჩის რეტრაქციას (ფიმოზი, პარაფიმოზი), ჩირქოვან გამონადენს (ბალანიტი,  სიმსივნე),  ნაწიბურებს, ღრმა (ათაშანგი, ეპითელიომა) და ზედაპირულ წყლულებს (Herpes simplex), შარდის ნაკადს, შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის (მეატუსი) მდებარეობას (ჰიპოსპადია,  ეპისპადია) და დიამეტრს (მეატოსტენოზი).
                       

 პალპაცია 
ნორმაში თირკმელების  პალპირება,  მათი  ანატომიური   მდებარეობის  გამო ვერ ხერხდება. მხოლოდ ღრმად ჩასუნთქვისას,  რაც  იწვევს  თირკმელების  დისტალურად გადაადგილებას,  შესაძლებელია მათი  ქვედა  პოლუსის გასინჯვა.  თირკმელების პალპატორული  გასინჯვისათვის მიღებულია  ბიმანუალური  პალპაცია,  რაც   გულისხმობს თირკმლის  ორივე  ხელით  გასინჯვას.        

ექიმი  თირკმლის  ბიმანუალური  პალპაციისას  ერთ ხელს  ათავსებს  მწოლიარე პაციენტის   წელზურგის  არეში და  თირკმელს  მაქსიმალურად  წამოწევს კოსტოვერტებრალურ  კუთხემდე,  ხოლო  მეორე ხელით ახდენს  თირკმლის პალპაციას. ბიმანუალური  პალპაცია შესაძლებელია  ჩატარდეს  პაციენტის  ორთოსტატულ მდგომარეობაში  ან  გვერდულ  წოლით  მდგომარეობაში - ორივე  შემთხვევაში თირკმელები გადაადგილდება დისტალურად  და  მედიალურად,  რაც  აადვილებს მათ პალპაციას.  თირკმლების პალპაცია მამაკაცებში შედარებით რთულია ვიდრე ქალებში, რაც განპირობებულია მათი მუცლის  კუნთების  მომატებული ტონუსის  და თირკმლების  მყარი ანატომიური ფიქსაციით. პალპაცია გართულებულია თირკმლის მწვავე ანთების შემთხვევაში,  თუ მას თან  ახლავს კუნთების სპაზმი. ბიმანუალური პალპაციით განისაზღვრება  თირკმელების ზომა, ფორმა,  ელასტიურობა,  მდებარეობა, მტკივნეულობა.



შარდის  მწვავე  ან  ქრონიკული  შეკავებისას  პალპაციით   შეიგრძნობა გადავსებული შარდის ბუშტის წინა გლუვზედაპირიანი კედელი.

შარდის  ბუშტის  სიმსივნური  დაავადების  დროს ბიმანუალური  პალპაციით (რექტალური  და  ბოქვენზედა) შესაძლებელია  შეფასებულ  იქნას  შარდის  ბუშტის მობილურობა  და  სიმსივნის  ირგვლივმდებარე ქსოვილებში ინვაზია,  რაც მნიშვნელოვან  ფაქტორს წარმოადგენს  ოპერაციული  ტაქტიკის  არჩევისას.  
                    
სათესლე  პარკის  და  საზარდულის  არხის  პალპაციით განისაზღვრება  სათესლე ჯირკვლების  არსებობა  სათესლე პარკში,  მათი  რაოდენობა,  ზომა,  სიმკვრივე, მტკივნეულობა,   დანამატების  სტრუქტურა,  ზომა,  მათი ურთიერთმდებარეობა სათესლე  ჯირკვლებთან. პალპაციით  დგინდება  ჰიდროცელე (სათესლე  ჯირკვლის წყალმანკი),    ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება), კრიპტორქიზმი,  ორქიტი  და ეპიდიდიმიტი,    სათესლე  ჯირკვლის  კისტა, სიმსივნე, მისი  შემოგრახა,  ტრავმული  დაზიანების  დროს ჰემატოცელე (ჰემატომის  არსებობა სათესლე  პარკში).

ასოს პალპაციით  ფასდება  მღვიმოვანი სხეულებისა და ურეთრის  ელასტიურობა   და   შესაძლოა დავადგინოთ ასოს ფიბროპლასტიური ინდურაცია - პეირონის დაავადება, სიმსივნე, პერიურეთერიტი. პალპატორულად სუბინგუინალური და ინგუინალური ლიმფური ჯირკვლების გადიდება  მიმანიშნებელია  ასოს ან სკროტუმის ანთებით დაავადებებზე.  ამავე  არის  ლიმფურ ჯირკვლებში მეტასტაზებს იძლევა ასოს,  სათესლე პარკის კანის ან ქალებში დისტალური ურეთრის სიმსივნე (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა). სათესლე  ჯირკვლის და პროსტატის სიმსივნეების    მეტასატაზირება შესაძლოა მოხდეს მარცხენა სუპრაკლავიკულურ ლიმფურ ჯირკვლებში (ვირხოვის ან ტროიზიერის კვანძები).


 პერკუსია 

პერკუსიას  თირკმელების   დაავადებათა  დიაგნოსტიკაში არსებითი  მნიშვნელობა  არ ენიჭება,  მაგრამ   თავის ჩვენება  მაინც  გააჩნია.  ტერმინალური ჰიდრონეფროზის დროს, თირკმლის  რბილი კონსისტენციის გამო, მისი პალპირება  ვერ  ხერხდება. ამიტომ საჭირო  ხდება თირკმლის  წინა და უკანა პერკუსიის  ჩატარება.

პერკუსიას  ასევე მნიშვნელობა  გააჩნია  თირკმლის ტრავმის  დროს პროგრესირებადი ჰემორაგიული მასების დასადგენად (კუნთების სპაზმის გამო ბიმანუალური პალპაცია გაძნელებულია).

პერკუსიით  ფასდება   შარდის  ბუშტის  სავსეობა,  მასში შარდის   არანაკლებ  150მლ-ს არსებობის  შემთხვევაში.


 აუსკულტაცია 
აუსკულტაციას  მნიშვნელობა  გააჩნია  რენული არტერიული ჰიპერტენზიის, თირკმლის არტერიის სტენოზის, ანევრიზმის, არტერიოვენოზური ფისტულის, მუცლის აორტის ათერომატოზული დაზიანებების დიაგნოსტიკისთვის.

No comments:

Post a Comment