Saturday, January 11, 2014

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები



 ფონური პროცესები  საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის კეთილთვისებიანი დაავადებებია,რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ კიბოს წარმოქმნასა და განვითარებას.

ამ დაავადებებს მიეკუთვნება: საშვილოსნოს ყელის ეროზია,ექტოპია,ექტროპიონი, პოლიპი, ლეიკო და ერითროპლაკია, პაპილომა

დიაგნოსტიკის მეთოდები: ციტოლოგია (PAP ტექნოლოგია და  მასზე დაფუძნებული სხვა მეთოდები), ჰისტომორფოლოგია, კოლპოსკოპია და მისი სახესხვაობები.

ციტოლოგიური მეთოდი მაღალეფექტურია და მორფოლოგიურ გამოკვლევასთან   შეთავსების შემთხვევაში საშუალებას იძლევა პაციენტთა 95-98%-ში  დადგინდეს სწორი დიაგნოზი.

ბიოფსია (დამიზნებითი,  კონუსისებრი ,საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის გამოფხეკა) დიაგნოსტიკის ფასეული მეთოდია. დამიზნებითი ბიოფსია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის პათოლოგიურად შეცვლილი უბნიდან. ვრცელი დაზიანებისა და დამიზნებითი ბიოფსიისათვის ადგილის შერჩევის გაძნელებისას აწარმოებენ ბიოფსიას კონუსით, ელექტროკონიზატორის საშუალებით, ან საშვილოსნოს ყელის კონუსისებრ ამპუტაციას. ბიოფსიას წინ უძღვის საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა.
დამიზნებითი ბიოფსიის გამოყენება საშვილოსნოს ყელის გამოფხეკასთან ერთად, კონუსისებრი ბიოფსიის რაოდენობის (ყელის ტრავმატიზაციის მაღალი ხარისხი!),  მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.

კოლპოსკოპიური გამოკვლევა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშვილოსნოს ყელის, საშოს და ვულვის ბინოკულური მიკროსკოპით დათვალიერება 10-30-ჯერ გადიდების პირობებში. ის საშუალებას გვაძლევს კეთილთვისებიანი ცვლილებები განვასხვაოთ ავთვისებიან ზრდაზე საეჭვო პათოლოგიური პროცესებისგან. კოლპოსკოპიით შეიძლება მოვნიშნოთ ქსოვილის უბნები დამიზნებითი ბიოფსიის ჩასატარებლად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მეთოდის ღირებულებას.

განასხვავებენ ჩვეულებრივ, ანუ მიმოხილვით და გაფართოებულ კოლპოსკოპიას. გაფართოებული კოლპოსკოპიის   დროს გამოიყენება: 3%-იანი ძმარმჟავა და ლუგოლის ხსნარი (ე.წ. შილერის ცდა), აგრეთვე ფერადი (მწვანე და ყვითელი) ფილტრები. ძმარმჟავის საშვილოსნოს ყელზე  დატანის შემდეგ ხდება ლორწოს მოცილება, ეპითელიუმი იღებს მოთეთრო-სერ ფერს, პათოლოგიურად შეცვლილი სისხლძარღვები ქრება.
შილერის  ცდის  არსი შემდეგში მდგომარეობს: რეპროდუქციული ასაკის ჯანმრთელი ქალის საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის მფარავი ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმის ზედაპირული და შუამდებარე შრეები შეიცავს დიდი რაოდენობით გლიკოგენს. საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე ლუგოლის ხსნარის წასმისას იგი ერთგვაროვნად იღებება მუქ ყავისფრად. ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმის დეფექტის განვითარებას, მისი ცილინდრული ეპითელიუმით ჩანაცვლებისა (ჭეშმარიტი ეროზია, წყლული) და დისპლაზიის, ან პათოლოგიური ქსოვილის წარმოქმნისას (კიბო) ეს უბნები ლუგოლის ხსნარით არ იღებება და მოჩანს   თეთრი ლაქის სახით ყავისფერ ფონზე.

კოლპომიკროსკოპიური გამოკვლევა წარმოებს 150-ჯერ და მეტად გადიდების პირობებში და გულისხმობს საშვილოსნოს ყელის ვიტალურ, ანუ ადგილზე, პრეპარირების გარეშე,  სიცოცხლის  დროინდელ ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.  ლორწოვანი გარსის სპეციალური შეღებვის შემდეგ. გამოკვლევის ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ციტოლოგიური და კოლპოსკოპიური გამოკვლევის შედეგები არ ემთხვევა ერთმანეთს.

ფლუორესცენციური  კოლპოცერვიკოსკოპია არის ქსოვილების სიცოცხლეში ჰისტოქიმიური გამოკვლევის მეთოდი ულტრაიისფერი განათების გამოყენებით. საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის ნორმალური ლორწოვანი გარსისათვის დამახასიათებელია მუქი იისფერი, ლურჯი ან იასამნისფერი ნათება. ეპითელიუმშიდა და საწყისი ინვაზიური კიბოს კერები გამოირჩევა ღია ყვითელი ნათებით. შორსწასული კიბოს (ნეკროზითა და სისხლჩაქცევებით) დროს ფლუორესცენცია  საერთოდ  არ აღინიშნება.

 საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია (Erosio vera)  არის საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმის დეფექტი რომელიმე უბანზე, რაც უფრო ხშირად გვხვდება   ხანდაზმული ასაკის ქალებში. ანთებითმა პროცესებმა, ან უხეშმა გამოკვლევამ შეიძლება გამოწვიოს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის დესკვამაცია, აშრევება და საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზიის გაჩენა. ეს დეფექტი   დაახლოებით 10 დღეში იფარება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. ჭეშმარიტ ეროზიას აქვს უსწორმასწორო, მომრგვალო ფორმა, მკვეთრი წითელი ფერი, შეხებისას ადვილად სისხლმდენია, ფსკერი წარმოადგენს შეშუპებულ შემაერთებელ ქსოვილს მრავალრიცხოვანი სუბეპითელური სისხლძარღვებით, გამოხატული ლეიკოციტების წვრილუჯრედოვანი ინფილტრაციით. შეიძლება მოხდეს ჭეშმარიტი ეროზიის სრული ეპითელიზაცია, ან შეიძლება დაიფაროს ცილინდრული ეპითელიუმით, ფსევდოეროზიის წარმოქმნით.
დიაგნოსტიკა ეფუძვნება კლინიკურს სურათს, კოლპოსკოპიის და ციტოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს. ზოგჯერ ახორციელებენ ბიოპტატის მორფოლოგიურ  გამოკვლევას, რომელსაც იღებენ საშვილოსნოს ყელის  დაზიანებული ნაწილიდან. ხანშიშესულ ქალებში, სადაც უპირველეს ყოვლისა უნდა  გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის კიბო.

მკურნალობა. ჭეშმარიტი ეროზიის დროს წარმოებს იმ თანმხლები (მაგ:ანთებით) დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია  ეროზირების პროცესი.

საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის (ექტოცერვიქსი) ყველაზე ხშირ ფონურ      პათოლოგიურ მდგომარეობას  წარმოდგენს ექტოპია. ის  საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე ვითარდება და წარმოადგენს ენდოცერვიქსის ცილინდრული ეპითელიუმით დაფარულ უბანს, რომლის განლაგება უჩვეულო ადგილზე (საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილზე) აღინიშნება პაციენტთა 10-15%-ში, უპირატესად ახალგაზრდა ასაკში. განასხვავებენ თანდაყოლილ, პოსტტრავმულ და ჰორმონული ცვლილებების შედეგად განვითარებულ ექტოპიებს. თანდაყოლილი ექტოპიის დროს ცილინდრული ეპითელიუმი განლაგებულია საშვილოსნოს ყელის გარეთა პირიდან საშვილოსნოს ღრუს მიმართულებით და ვლინდება ახალშობილ გოგონებშიც. სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების დონის მატების ზეგავლენით საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლოვანი ეპითელიუმის ზრდა ასწრებს მისი კუნთოვან-შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების განვითარებას. ამის შედეგად ცილინდრული ეპითელიუმი გადადის ექტოცერვიქსზე  და ჩნდება ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული ექტოპია. საშვილოსნოს ყელის ჩახევა მშობიარობის ან აბორტის დროს იწვევს ყელის დეფორმაციას, არხის ლორწოვანი გარსის გადმობრუნებას, რის შედეგადაც ვითარდება ცილინდრული ეპითელიუმის პოსტტრავმული ექტოპია, ანუ (ექტროპიონი).

დიაგნოსტიკა: ცილინდრული ეპითელიუმის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით შეცვლა ხდება ბაზალური, ან სარეზერვო უჯრედებიდან, რომლებიც განლაგებულია ცილინდრული ეპითელიუმის შრის ქვეშ. ეპიდერმიზაციას თან სდევს საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე ჯირკვლების წარმოქმნა. ექტოპიის ზედაპირიდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება პროლიფერირებადი ცილინდრული და კუბური ეპითელიუმი, რომლებიც უჯრედების ციტოპლაზმაში შეიცავს წვრილ და მსხვილ ვაკუოლებს. თითქმის ყოველთვის ვლინდება ანთებითი ხასიათის წვრილუჯრედოვანი ინფილტრაცია.  
კოლპოსკოპიური გამოკვლევის დროს ჩანს წვრილი ბურთისებრი, ან  მოგრძო, ღაჟღაჟა წითელი ფერის  (ანათებს სისხლძარღვები) დვრილების მტევნისებრი  გროვები, რომლებიც  კარგად მოჩანს ძმარმჟავას 3%-იანი ხსნარით დამუშავებისას, ლუგოლის ხსნარით  ფსევდოეროზია არ იღებება ყავისფრად.

ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგად განასხვავებენ ჯირკვლოვან, პაპილარულ და ეპიდერმიზებულ  ექტოპიებს.
ჯირკვლოვანი ექტოპიისათვის დამახასიათებელია ჯირკვლების წარმოქმნა საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე; პაპილარულისათვის - სტრომისა და ეპითელიუმის  ერთდროული ზრდა დვრილების სახით. ეპიდერმიზებადი ექტოპიის დროს ჯირკვლოვან ეპითელიუმს (ცილინდრული) შორის არის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის კუნძულები.

 საშვილოსნოს ყელის პოლიპი  წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანის 2-4მმ ზომის გარსის წანაზარდებს. პოლიპების წარმოქმნა დაკავშირებულია, როგორც ჰორმონულ, ისე ანთებით ცვლილებებთან. პოლიპი არის უფრო ხშირად  ერთეული, იშვიათად მრავლობითი. მათ აქვთ მომრგვალო, ენისებური ფორმა, უფრო იშვიათად წილაკოვანი შენება და სადა ზედაპირი. პოლიპის ფერი დამოკიდებულია მფარავი ეპითელიუმის ტიპზე. თუ ზედაპირი ცილინდრული ეპითელიუმითაა დაფარული, პოლიპი ვარდისფერია, (ქვეშმდებარე სისხლძარღვოვანი ქსელის გალანდვის გამო). თუ პოლიპი დაფარულია ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმით, მაშინ იგი მოთეთრო შეფერილობას იღებს.
საშვილოსნოს ყელის პოლიპების მქონე პაციენტებში აღინიშნება ლორწოვანი კონსისტენციის თეთრად შლა, ზოგჯერ  კონტაქტური (მათ შორის კოიტუსის შემდეგ) სისხლდენა. რეციდივები პოლიპექტომიის შემდეგ ეჭვს ბადებს პროცესის ავთვისებიანობაზე.

მკურნალობა: ქირურგიული.

 ლეიკოპლაკია  საშვლოსნოს ყელის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის ლოკალური  გარქოვანებაა (ჰიპერ-პარაკერატოზი).
ლეიკოპლაკიას აქვს მოთეთრო ფერი,ზოგჯერ სადაფისებური ელფერი. დაავადება ყველაზე ხშირია 40 წლის ასაკში, მიმდინარეობს პრაქტიკულად უსიმპტომოდ, სარკეების საშუალებით დათვალიერებისას ლეიკოპლაკია ვლინდება თეთრი თხელი აპკის სახით, რომელიც სცილდება საშვილოსნოს ყელის ზედაპირს. ასეთი ლეიკოპლაკია ძირითადად კეთილთვისებიანია.
ლეიკოპლაკია მსხვილი ფოლაქის სახით, რომელიც შეხორცებულია ქვეშმდებარე ქსოვილებთან და წამოწეულია ყელის ზედაპირიდან, შეიძლება ავთვისებიანიც იყოს. გარდა საშვილოსნოს ყელისა იგი ზოგჯერ განლაგებულია საშოს თაღებზე. ლეიკოპლაკიის დაწყლულება ეჭვს ბადებს პროცესის ავთვისებიანობაზე. დიაგნოსტიკა წარმოებს    კოლპოსკოპიური გამოკვლევით, სადაც  ვლინდება გარქოვანებული  ნადების ხორკლიანი, ნაოჭიანი და ქერცლიანი ზედაპირი. ძალზე ხშირად  ლეიკოპლაკია   დგინდება მხოლოდ კოლპოსკოპიის საშუალებით.
ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევისას ვლინდება დიდი რაოდენობით ბრტყელი ეპითელიუმის უბირთვო უჯრედი. მორფოლოგიური გამოკვლევის დროს, ძირითადად, განასხვავებენ ლეიკოპლაკიის ორ ფორმას: მარტივსა და ატიპიური უჯრედული ელემენტების შემცველს.
მარტივი ლეიკოპლაკიისათვის დამახასიათებელია გარქოვანების პროცესების დარღვევა (დისკერატოზი), ბაზალური და პარაბაზალური შრეების გასქელება. უჯრედოვანი პოლიმორფიზმი სუსტად არის გამოხატული. ხშირად ლეიკოპლაკიას თან ერთვის ეპითელიუმშიდა კარცინომა, იშვიათად-საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო.

 ერითროპლაკია  დისკერატოზის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმის ზედაპირული შრისა და შუამდებარე შრის დიდი ნაწილის ძლიერ გათხელება ბაზალური და პარაბაზალური შრეების  ჰიპერპლაზიასთან ერთად.   ერითროპლაკიას მაკროსკოპულად აქვს ღია წითელი, ზოგჯერ მოლურჯო ფერი, ადვილად სისხლმდენი უსწორმასწორო ლაქების სახე. ერითროპლაკიის ფერი განპირობებულია სისხლძარღვებით, რომლებიც მოჩანს ლორწქვეშა შრეში. ჰისტოლოგიურად დგინდება ეპითელური საფარველის ძლიერი გათხელება, ზოგჯერ ერთეული შრით წარმოდგენილი. ზედაპირული უჯრედები გარქოვანებით, ქვეშმდებარე ქსოვილებში სისხლსავსეობის სურათი და ლიმფოიდური ინფილტრაცია.
კოლპოსკოპიური გამოკვლევით ვლინდება გათხელებული ბრტყელი ეპითელიუმის წითელი უბნები გარქოვანების ნიშნებით, რომელშიც ილანდება ქვეშმდებარე ქსოვილი და სისხლძარღვები.

 პაპილომა  საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედარებით იშვიათი ფორმაა. საშვილოსნოს ყელის საშოს მხრივ ზედაპირზე ვლინდება პაპილომური წანაზარდები როზეტის სახით, რომლებიც გარეგნულად ჰგავს ეგზოფიტური ფორმის კიბოს. პაპილომა ვარდისფერი ან თეთრია, მკვეთრად გამოყოფილია გარშემო ქსოვილებისაგან.
კოლპოსკოპიური გამოკვლევით მის ზადაპირზე აღინიშნება ხის ტოტისმაგვარი სისხლძარღვების დიდი რაოდენობა, პაპილომის  ზედაპირზე ლუგოლის ხსნარის წასმისას მის გარშემო ჩნდება იოდით შეღებილი ყავისფერი არშია. პაპილომები შედარებით ხშირად განიცდიან ავთვისებიანგადაგვარებას.
ფონური დაავადების სამკურნალოდ ძირითადად ქირურგიული მეთოდები გამოიყენება (ელექტრული, ლაზერული, კრიო, ულტრაბგერითი ზემოქმედებით).

No comments:

Post a Comment