Saturday, January 11, 2014

სიკვდილი


ტერმინალური მდგომარეობა - არის ორგანიზმის კვდომის პროცესი, რომლის დროსაც სიცოცხლის შეწყვეტა ხდება თანდათან, ეტაპობრივად, უეცარი სიკვდილის დროსაც კი. 
სიკვდილი - კვდომის პროცესის დამამთავრებელი სტადიაა.

გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:

1. პრეაგონია (პრეტერმინალური სტადია) - ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გონების დაბინდვა, ჰიპოტენზია, სუნთქვისა და გულის უკმარისობა. მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარე ყველა მარეგულირებელი ცენტრის გათიშვისას სუნთქვა ხანმოკლედ ჩერდება (რამდენიმე წამიდან  -  3-4 წუთამდე), ამ მოვლენას პრეტერმინალური პაუზა ეწოდება. პაუზის შემდეგ, ადამიანი რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქავს - ფართოდ გაღებული პირით. ამ მოძრაობათა მიზეზია ღრმა ჰიპოქსია და ჰიპერკაპნია. (პრეაგონიის სტადია შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან - რამდენიმე დღემდე).

2. აგონია (agon - ბრძოლა) - კომპენსაციური რეაქციების გააქტიურება (''აფეთქება''), რომელთაც დაკარგული აქვთ მიზანშეწონილობა. აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, გულის მუშაობის და სუნთქვის გაძლიერება.  აგონიის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია, (ზოგჯერ მეტიც) და მთავრდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი დათრგუნვით, რის შემდეგაც დგება კლინიკური სიკვდილი

3. კლინიკური სიკვდილი - იწყება მაშინ, როდესაც წყდება სუნთქვა და გულის მუშაობა. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა მინიმალურ დონეზე გრძელდება, რაც საკმარისია ნერვული უჯრედების (თავის ტვინის ქერქის) სიცოცხლის შესანარჩუნებლად.  სწორედ ამით აიხსნება კლინიკური სიკვდილის შექცევადობა. ამ პერიოდში, 5-6 წუთის განმავლობაში, შესაძლებელია ორგანიზმის რეანიმაცია. ჰიპოთერმიის დროს ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივია - 20 წუთამდე. 

4. ბიოლოგიური სიკვდილი - გულის მუშაობისა და სუნთქვის შეწყვეტიდან 5-6 წუთის შემდეგ თავის ტვინის ქერქის უჯრედები ნეკროზდება და მათი გაცოცხლება შეუძლებელი ხდება. ამ შემთხვევაში, ნეკროზის მიზეზი უჯრედული სუნთქვის დარღვევა და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული დეფიციტია. ჟანგბადის უკმარისობისადმი ყველაზე მგრძნობიარეა თავის ტვინის ქერქი. დასაწყისში ადგილი აქვს ნეირონების აგზნებას, შემდეგ სჭარბობს შეკავებითი პროცესები, ბოლოს კი გამოფიტვა გადაინაცვლებს თავის ტვინის ქერქის ღერძულ ნაწილსა და რეტიკულურ ფორმაციაში. ლეტალური გამოსავალი - Exitus letalis.