Wednesday, January 1, 2014

ჯანმრთელობა და დაავადება; ''ნორმა'' და ''ჯანმრთელობა''

 ● ჯანმრთელობა

ძველი განმარტება: ჯანმრთელობა არის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა ავადმყოფობის არარსებობა.


ახალი განმარტება: ჯანმრთელობა არის ჰარმონიული დამოკიდებულება ორგანიზმსა და გარემოს შორის ადაპტაციის საფუძველზე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი, ორგანოების და სისტემების ცხოველქმედება ნორმალურია და ადამიანი შრომისუნარიანია. 

 ● დაავადება

დაავადება არის ორგანიზმის რთული რეაქცია გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებაზე, რომელიც დამოკიდებულია გამომწვევი ფაქტორის ბუნებაზე, სიმძიმესა და მოქმედების ხანგრძლივობაზე. დაავადებას საფუძვლად უდევს ქსოვილების სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები. ორგანიზმში ერთდროულად მიმდინარეობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: პათოლოგიური და საკომპენსაციო.
დაავადების დროს ირღვევა:
1.ჰარმონია (წონასწორობა) ორგანიზმსა და გარემოს შორის;
2. ჰომეოსტაზი (შინაგანი გარემოს მუდმივობა);
3. ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედება;
4. ადამიანის შრომისუნარიანობა.

 წმინდა პათოლოგიური და საკომპენსაციო პროცესები

 თითოეული დაავადება წარმოადგენს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესის კავშირს. ესენია წმინდა პათოლოგიური და საკომპენსაციო პროცესები. საკომპენსაციო პროცესი ხშირად ორმაგი ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სახის მოშლილობის გამოსწორების პარალელურად შეიძლება გამოიწვიოს სხვა სახის დარღვევა. მაგ: მთაზე ასვლისას განვითარებული ჰიპოქსიის დროს ვითარდება ჰიპერპნოე (სუნთქვის გაძლიერება), რომელსაც საკომპენსაციო ხასიათი აქვს – ხელს უწყობს ფილტვების ვენტილაციის გაზრდას და ამ გზით სისხლისთვის ჟანგბადის მეტი რაოდენობით მიწოდებას, მაგრამ, ამასთანავე ჰპერპნოეს გამო, ორგანიზმიდან გამოიდევნება C02–ის დიდი რაოდენობა. ეს მჟავატუტოვან წონასწორობას არღვევს და ვითარდება აიროვანი ალკალოზი. საბოლოოდ, სუნთქვის ცენტრის დაზიანების შედეგად ადამიანი იღუპება.


 ''ნორმა'' და ''ჯანმრთელობა''

''ნორმის'' და ''ჯანმრთელობის'' ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება. ნორმა გამოხატავს ცოცხალი ორგანიზმის, როგორც მთლიანის მდგომარეობას. ის იცვლება სახეობის ან პოპულაციის ცვალებადობასთან ერთად. ის განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდისთვის, ასაკისთვის და სქესისთვის. ორგანიზმზე უამრავი სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, ერთი ან რამდენიმე მაჩვენებელი შეიძლება გადაიხაროს ნორმიდან, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადების არსებობას, თუ შენარჩუნებულია ორგანიზმის გარემოსთან შეგუების უნარი.