Saturday, January 11, 2014

უჯრედის დაზიანების ზოგადი მექანიზმები, უჯრედის დამაზიანებელი ფაქტორები

უჯრედის დაზიანების მოლეკულური მექანიზმები რთული და კომპლექსურია.
დღეისათვის ცნობილია მრავალი უჯრედის დამაზიანებელი ფაქტორი. უჯრედის დაზიანების საბოლოო ეფექტი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ხანგრძლივოობზე, ძალაზე, უჯრედის თვისებებზე, მისი ადაპტაციური მექანიზმების მდგომარეობაზე. ჩვეულებრივ, უჯრედის ერთი, რომელიმე ორგანელას, ან ერთი რომელიმე ფუნქციის დარღვევა არ რჩება იზოლირებული. 
როგორც წესი, მას მოჰყვება სხვა სტრუქტურების და ფუნქციების დარღვევათა ჯაჭვი,
საბოლოო ჯამში კი მთელი უჯრედის ფუნქციის მოშლა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უჯრედის კომპონენტები და ბიოქიმიური რეაქციები ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია და უჯრედის მცირე ნაწილის დაზიანებაც კი ფართო სპექტრის მეორად ცვლილებებს იწვევს. მაგ: ჟანგვითი პროცესის დარღვევას თან სდევს იონური წონასწორობის რეგულაციაში მონაწილე ნატირუმ-კალიუმის ტუმბოს ფუნქციის მოშლა, ამ უკანასკნელს კი წყლის და იონების უჯრედშიდა შემცველობის ცვლილება მოჰყვება.

უჯრედის დამაზიანებელი ინფექციური ფაქტორები - მიკროორგანიზმები, პარაზიტები და მათი ტოქსინები.
უჯრედის დამაზიანებელი არაინფექციური ფაქტორები - ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები.
უჯრედის დამაზიანებელი ეგზოგენური ფაქტორები - ეგზოგენური ფიზიკური (მექანიკური,(დარტყმა, ზეწოლა); ტემპერატურის ცვლილება (ცილების დენატურაცია)); ეგზოგენური ქიმიური (მჟავეები, ტუტეები, მძიმე მეტალის მარილები, მედიკამენტები); ეგზოგენური ბიოლოგიური (ბაქტერიები, ვირუსები).
უჯრედის დამაზიანებელი ენდოგენური ფაქტორები - ენდოგენური ფიზიკური (თავისუფალი რადიკალების სიჭარბე; ოსმოსური წნევის ცვლილება (უჯრედის შესიება, შეჭმუხვნა)); ენდოგენური ქიმიური (ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის სიჭარბე/უკმარისობა, იონების სიჭარბე/დეფიციტი, მეტაბოლიტები); ენდოგენური ბიოლოგიური (სხვა დაზიანებული უჯრედებიდან გამოთავისუფლებული პროდუქტები).

აგენტის მიერ უჯრედის დაზიანება შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. პირველადია დაზიანება, როდესაც დაზიანება ხდება უშუალოდ პათოგენური აგენტის ზემოქმედებით. მეორადია დაზიანება, როდესაც უჯრედის დაზიანება ხდება ''დაზიანების მედიატორების'' საშუალებით.