Friday, January 3, 2014

დაავადების განვითარების სტადიები


დაავადების განვითარებაში გამოყოფენ 4 სტადიას:

1. ლატენტური პერიოდი – გამომწვევი მიზეზის ზემოქმედებიდან დაავადების პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლინებამდე. ლატენტური პერიოდი შეიძლება იყოს
ხანგრძლივი (ჰეპატიტი – რამდენიმე თვე; კეთრი – რამდენიმე წელი; ე.წ. ნელი ინფექციები – ათეულობით წელი;) და ხანმოკლე (დამწვრობა – რამდენიმე საათი; სხვადასხვა შხამებით მოწამვლისას – წამებიდან საათებამდე).

ლატენტურ პერიოდს ''ინკუბაციურ'' პერიოდსაც უწოდებენ, ძირითადად ინფექციური ავადმყოფობების შემთხვევაში.  ლატენტური პერიოდის დროს ხდება ორგანიზმის კომპენსაციური ძალების მობილიზება დაავადების გამომწვევი აგენტის სალიკვიდაციოდ. ხშირად, ასეთი რეაქციები უზრუნველყოფენ დაავადების შეწყვეტას ე.ი. გამოჯანმრთელებას. /სანოგენეზი/

2. პროდრომული პერიოდი – დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების გამომჟღავნებიდან, კლინიკური სურათის გაშლამდე. ამ პერიოდში ძირითადად ვლინდება დაავადების არასპეციფიკური ნიშნები: საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, ცხელება, თავის ტკივილი და სხვ. იშვიათად ვლინდება სპეციფიკური ნიშნებიც, მაგ:ფილატოვ–კოპლიკის ლაქები წითელას დროს.
პროდრომული პერიოდის დაწყება მიუთითებს, რომ დაცვით–საკომპენსაციო მექანიზმებს აღარ შეუძლიათ შეაკავონ ავადმყოფობის განვიტარება.

3. დაავადების კლინიკური სურათის სრულად გაშლის პერიოდი – ამ პერიოდში დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი სრულად ვლინდება. მაგ: შაქრიანი დიაბეტის დროს - ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, პოლიურია.

4. დაავადების გამოსავალი - ● გამოჯანმრთელება (შეიძლება იყოს სრული და არასრული); ● რეციდივი; ● ქრონიკულ ფორმაში გადასვლა; ● სიკვდილი


გამოჯანმრთელება - არის დაავადების დროს განვითარებული დარღვევების ლიკვიდაციისა და ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედების აღდგენის პროცესი

სრული გამოჯანმრთელება - მდგომარეობა, როდესაც დაავადების ყველა ნიშანი ქრება და აღდგება ორგანიზმის გარემოსადმი ადაპტაციის უნარი. ორგანიზმი უბრუნდება საწყის, ჯანმრთელ მდგომარეობას. (Restitutio ad integrum - სრულად აღდგენა) აღსანიშნავია, რომ გადატანილი ავადმყოფობა ყოველთვის უკვალოდ არ ქრება. ე.წ. ''სრული'' გამოჯანმრთელებისას ხშირად რჩება ცვლილებები სხვადასხვა სისტემის მხრივ  და იქმნება ორგანიზმის თვისობრივად ახალი მდგომარეობა, მაგა. ყალიბდება იმუნინეტი და ა.შ

არასრული გამოჯანმრთელება - არასრული გამოჯანმრთელების დროს ავადმყოფობის ნარჩენი მოვლენები რამდენიმე ხანს, ზოგჯერ კი მუდმივად რჩება. მაგალითად ნაწიბური ჭრილობის შეხორცების შემდეგ; გულის კომპენსირებული მანკი ენდოკარდიტის შემდეგ და სხვ.

რეციდივი (Recidives - განმეორებადი) - არის დაავადების დროებითი გაქრობის, შესუსტების ან შეწყვეტის შემდეგ, მისი ხელახალი  გამოვლენა. რეციდივი გამომწვევი ფაქტორის ან პათოლოგიური მექანიზმების არასრული ლიკვიდაციის შედეგია.

ქრონიკულ ფორმაში გადასვლა - დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასვლის შემთხვევაში ხასიათდება ხანგრძლივი რემისიის (Remissio - შემცირება, შესუსტება) პერიოდებით (თვეები, წლები). ავადმყოფობის ასეთი მიმდინარეობა აიხსნება არა მარტო ავადმყოფობის ეტიოლოგიური ფაქტორის აულაგებლობით, არამედ ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებით და დაცვითი მექანიზმების უკმარისობით.