Saturday, January 11, 2014

პათოლოგიური რეაქცია, პათოლოგიური პროცესი და პათოლოგიური მდგომარეობა


● პათოლოგიური რეაქცია

პათოლოგიური რეაქცია არის ორგანიზმის არაადეკვატური, ჭარბი პასუხი გაღიზიანებაზე. გაღიზიანების მოხსნის შემდეგ რეაქცია წყდება. 

● პათოლოგიური პროცესი

ხშირად, ორგანიზმის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნების ფონზე ირღვევა მასში ამა თუ იმ ნაწილის სტრუქტურა და ფუნქცია, ე.ი ვითარდება არა გენერალიზებული, არამედ ლოკალური ხასიათის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა დაავადებასთან, არამედ პათოლოგიურ პროცესთან.


ტიპობრივ პათოლოგიურ პროცესებს (ანთება, ცხელება) ახასიათებთ:
1. პოლიეტიოლოგიურობა (შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური ფაქტორით);
2. მონოპათოგენურობა (აქვთ სტერეოტიპული, სტანდარტული განვითარების მექანიზმი);
3. კომპლექსურობა (პათოგენური და ადაპტაციური რეაქციების კომბინაცია).

პათოლოგიური პროცესი ავადმყოფობისგან განსხვავდება:
1. ავადმყოფობას უპირატესად ერთი, მტავარი მიზეზი აქვს, პათოლოგიური პროცესი კი პოლიეტიოლოგიურია. (მაგ. ანთება)
2. ერთი და იგივე პათოლოგიური პროცესი, ორგანიზმში სხვადასხვა ლოკალიზაციის შემთხვევაში სხვადასხვა სურათს იძლევა. 
3. ავადმყოფობა შრომის უნარს აქვეითებს, პათოლოგიური პროცესის შემთხვევაში კი ყოველთვის ასე არ ხდება. 

ავადმყოფობა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პათოლოგიური პროცესის ერთობლიობაა.

● პათოლოგიური მდგომარეობა

პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს გენეტიკური დეფექტების, გადატანილი პათოლოგიური პროცესების ან დაავადებების შედეგად. (მაგ: კუჭის წყლულის ადგილზე შესაძლოა განვითარდეს ნაწიბური; თვალის ტრავმის შედეგად - სიბრმავე და სხვ.) შესაძლოა პათოლოგიური მდგომარეობა გადავიდეს პათოლოგიურ პროცესში. მაგ: ნაწიბურის ადგილზე განვითარდეს სიმსივნე. 
განსხვავება, პათოლოგიურ პროცესსა და პათოლოგიურ მდგომარეობას შორის ისაა, რომ პათოლოგიური პროცესის დროს სჭარბობს ფუნქციური, ხოლო პათოლოგიური მდგომარეობისას სტრუქტურული ცვლილებები. გარდა ამისა, პათოლოგიური პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, იგი დინამიკური და ცვალებადია. პათოლოგიურ მდგომარეობას კი ნელი, დუნე მიმდინარეობა აქვს.

მაგ. ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება) პათოლოგიური პროცესია, რომელიც ხშირად მთავრდება პათოლოგიური მდგომარეობის  - გულის კომპენსირებული მანკის ჩამოყალობებით. გულის კომპენსირებული მანკი კი შესაძლოა გადავიდეს დეკომპენსირების ფაზაში, ე.ი პათოლოგიური მდგომარეობა, თავის მხრივ, შესაძლოა პათოლოგიურ პროცესში გადაიზარდოს.