Tuesday, November 10, 2015

საფეთქლის ძვალი (Os temporale)



საფეთქლის ძვალი (Os temporale) ერთ-ერთი ყველაზე რთული აგებულების ძვალია. მისი აღნაგობის სირთულე განპირობებულია ფუნქციური მრაფალფეროვნებით.
საფეთქლის ძვალი წყვილი ძვალია და მონაწილეობს როგორც ქალას ფუძის (პირამიდული ნაწილი), ასევე ქალასარქველის შექმნაში (ქიცვის ნაწილი).
საფეთქლის ძვალი მიეკუთვნება ჰაეროვან ძვლებს, მის სიღრმეში დაფის ღრუსა და დვრილისებრი უჯრედების არსებობის გამო.


საფეთქლის ძვალზე განირჩევა სამი ნაწილი, რომლებიც განლაგებულია გარეთა სასმენი ხვრელის (porus acusticus externus) ირგვლივ. ესენია:
1. კლდოვანი, ანუ პირამიდული ნაწილი  pars petrosa (pyramis)
2. დაფის ნაწილი - pars tympanica
3. ქიცვის ნაწილი - pars squamosa
განვიხილოთ თითოეული მათგანი

1.  კლდოვანი, ანუ პირამიდული ნაწილი 

საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილს (pars petrosa) აქვს სამკუთხა პირამიდის ფორმა, სწორედ ამიტომ ეძახიან მას პირამიდასაც (pyramis).
პირამიდის მწვერვალი მიმართულია წინ და მედიალურად, ხოლო ფუძე – უკან და გარეთ, რომელიც მთავრდება საკმაოდ მასიური, ყრუ კედლით. ამ უბანზე მისგან ქვევით წარიზიდება დვრილისებრი მორჩი (processus mastoideus). დვრილისებრი მორჩი კლდოვანი ნაწილისგან გამოყოფილია დვრილისებრი ნაჭდევით (incisura mastoidea) და კეფის არტერიის ღარით (sulcus arteriae occipitalis).

პირამიდას სამი ზედაპირი აქვს. ამ სამი ზედაპირიდან, ორი მათგანი, წინა (facies anterior partis petrosae) და უკანა (facies posterior partis petrosae) მდებარეობს ქალას შიგნითა ფუძეზე. ხოლო მესამე, ქვედა ზედაპირი (facies inferior partis petrosae) ქალას გარეთა ფუძეზე .

ქალას შიგნითა ფუძეზე მდებარე წინა და უკანა ზედაპირების ურთიერთდაკავშირების ხაზით იქმნება პირამიდის ზედა კიდე (margo superior partis petrosae), რომელსაც თანდართული აქვს ზედა კლდოვანი სინუსის ღარი (sulcus sinus petrosi superioris).

უკანა და ქვედა ზედაპირების ურთიერთდაკავშირების საზღვარზე კი პირამიდის უკანა კიდე იქმნება (margo posterior partis petrosae), მის პარალელურად და მის უკანა ზედაპირზე  გაივლის  ქვედა კლდოვანი სინუსის ღარი (sulcus sinus petrosi inferioris).

პირამიდის წინა ზედაპირზე განირჩევა:
1. სამწვერა ნერვის ჩანაჭდევი (impressio trigemini) 
2. რკალოვანი შემაღლება (eminentia arcuata)      
3. დაფის სარქველი (tegmen tympani)
  * რკალოვანი შემაღლების და დაფის სარქველის ქვეშ სმენის ორგანოები და დაფის ღრუა მოქცეული. სწორედ აქედან წარმოსდგება მათი სახელწოდებები)
4. მცირე ზომის, წყვილი დიდი და მცირე კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალები (hiatus canalis n. petrosi majoris და hiatus canalis n. petrosi minoris), რომლებიც გრძელდებიან შესაბამის ღარებში.
პირამიდის უკანა ზედაპირზე განირჩევა:
1. შიგნითა სასმენი ხვრელი (porus acusticus internus) -  თითქმის ცენტრალურად
2. რკალქვეშა ფოსო (fossa subarcuata)
3. კარიბჭის წყალსადენის გარეთა ნაჩვრეტი (apertura externa aquaeductus vestibuli)
4. ლოკოკინას მილაკის გარეთა ნაჩვრეტი (apertura externa canaliculi cochleae)
პირამიდის ქვედა ზედაპირზე განირჩევა:
1. საძილე არხი (canalis caroticus), რომელშიც გაივლის შიგნითა საძილე არტერია
2. საუღლე ფოსო (fossa jugularis)
3. საუღლე მორჩი (processus jugularis)
4. საუღლე ნაჭდევი (incisura jugularis)
5. კლდოვანი ფორაკი (fossula petrosa) - საძილე არხის გარეთა ხვრელსა და საუღლე ფოსოს შორის.
6. დაფის მილაკი (canaliculis tympanica) - იხსნება კლდოვანი ფორაკის ძირზე და მასში გაივლის დაფის ნერვი და არტერია.
7. სადგისისებრი მორჩი (processus styloideus) და სადგისისებრი მორჩის ბუდე (vagina processus styloidea) - ეკუთვნის დაფის ნაწილს. ბუდის უკან სადგის–დვრილისებრი ხვრელია (foramen stylomastoideum), რომელშიც გაივლის სახის ნერვი.


2.  დაფის ნაწილი 

დაფის ნაწილი (pars tympanica) საფეთქლის ძვლის ყველაზე პატარა ნაწილია. ის წარმოადგენს რკალისებურად მოდრეკილ თხელ ძვლოვან ფირფიტას, რომელიც გარს ერტყმის გარეთა სასმენ მილს (meatus acusticus externus).


3. ქიცვის ნაწილი

ქიცვის ნაწილი (pars squamosa) საგიტალურ სივრცეში მდებარე ძვლოვანი ფირფიტაა.

ქიცვის ნაწილზე  განირჩევა:
1. საფეთქლის ზედაპირი (facies temporalis) - მასზე გამოხატულია საფეთქლის შუათანა არტერიის ღარი
2. სატვინე ზედაპირი (facies cerebralis) - შიგნითა, სატვინე ზედაპირი შედარებით სადაა და მასზე გამოხატულია მხოლოდ არტერიული ღარები (sulci arteriosi)
3. თხემის კიდე (margo parietalis)
4. სოლისებრი კიდე (margo sphenoidalis) 
 * 
აღნიშნული კიდეების საშუალებით,  ქიცვი დაკავშირებულია შესაბამის ძვლებთან მთლიან თავის ქალაში. 
5. ყვრიმალის მორჩი (processus zygomaticus)
6. საფეთქლის შუათანა არტერიის ღარი (sulcus arteriae temporalis mediae) 
7. ქვედა ყბის ფოსო (fossa mandibularis) - ქვედა ყბასთან შესასახსრებლად, მდებარეობს ყვრიმალის მორჩის ქვემოთ
8. სასახსრე ბორცვი (tuberculum articulare) - მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფეთქელ–ქვედა ყბის სახსრის ბიომექანიკაში, მდებარეობს ქვედა ყბის ფოსოს წინ. 

2 comments: