Saturday, November 14, 2015

შუა ყური (auris media)


შუა ყურის შემადგენლობაში შედის:

1. დაფის ღრუ (cavum tympani) დაფის ღრუში მდებარეობს სასმენი ძვლები
2. დაფის ღრუ (cavum tympani)
3. დაფის აპკი (membrana tympani) - დაფის აპკის გარეთა, ეპიდერმული საფარი გარეთა სასმენი მილის ნაწილია, შიგნითა ლორწოვანი ნაწილი კი დაფის ღრუს ეკუთვნის. 


 დაფის აპკი (membrana tympani) 

დაფის აპკი (membrana tympani) წარმოადგენს, თხელ ნახევრადგამჭვირვალე ფიბროზულ ფირფიტას, რომელიც ერთმანეთისგან გამოჰყოფს გარეთა სასმელ მილს და დაფის ღრუს.  დაფის აპკი  ფუნქციურად დაფის ღრუს მეტად აქტიური ნაწილია. ის მონაწილეობს გარემოდან რხევების მიღებასა და გადაცემაში, აქედან გამომდინარე, მის ნორმალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სმენის სიმახვილე. 

დაფის აპკი სამი შრისგან შედგება. ესენია:
1. გარეთა შრე, 
ეპიდერმული საფარი (stratum cutaneum) – წარმოდგენილია ეპიდერმისით. ის გარეთა სასმენი მილის კანის გაგრძელებაა. 
2. შუა შემაერთებელქსოვილოვანი შრე, საკუთარი ფირფიტა (lamina propria) - შედგება ორი ფენისგან. გარეთა – რადიალური, შიგნითა ცირკულარული. 
3. შიგნითა ლორწოვანი შრე (stratum mucosum) - დაფის ღრუს ლორწოვანი შრის გაგრძელებაა. 

დაფის აპკი ჩასმულია დაფის რგოლის (annulus tympanicus) ღარში (sulcus tympanicus)
დაფის აპკის ზედა, მცირე ნაწილისთვის დაფის ღარი არ არსებობს, ამიტომ იგი უშუალოდ საფეთქლის ძვლის ქიცვის ნაწილის ქვედა კიდეზე არსებულ ნაჭდევს, რივინის ნაჭდევს (incisura Rivini) უმაგრდება. დაფის აპკის ამ ნაწილს ეწოდება მოდუნებული ნაწილი (pars flacida) (მოდუნებულ ნაწილს ასევე უწოდებენ შრაპნელის ნაწილსაც (pars flacida Shrapnelli)); ხოლო, დაფის აპკის დანარჩენ ნაწილს, რომელიც დაფის ღარს (sulcus tympanicus) უმაგრდება, დაფის აპკის დაჭიმული ნაწილი (pars tensa) ეწოდება. 

  * დაფის აპკის მოდუნებული ნაწილი შუა შემაერთებელქსოვილოვან შრეს არ შეიცავს,
    ხოლო დაჭიმულ ნაწილში დაფის აპკი სამივე შრით გახლავთ წარმოდგენილი. 


დაფის აპკი ზუსტად ვერტიკალურ სიბრტყეში არ მდებარეობს. მისი წინა–ქვედა ნაწილი უფრო მედიალურადაა. ზრდასრულთა დაფის აპკის დახრილობის კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყესთან მიმართებაში, დაახლოებით 45°-50°-ია. 

დაფის აპკი, ცენტრიდან ოდნავ ქვემოთ, შედრეკილია მედიალურად (დაფის ღრუსკენ) და მის უღრმეს ნაწილს დაფის აპკის ჭიპი ეწოდება (umbo membranae tympani)
დაფის აპკზე, ჭიპის ოდნავ ზემოთ, შეიმჩნევა მოლურჯო ფერის რკალოვანი ხაზი, რომელიც შეესაბამება შიგნითა მხრიდან დაფის აპკზე ჩაქუჩის ტარის მიმაგრების ადგილს და ეწოდება ჩაქუჩის ზოლი (stria mallearis)


 დაფი ღრუ (cavum tympani) 

დაფის ღრუ (cavum tympani) კლინიკურად ყურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოქცეულია საფეთქლის ძვლის პირამიდულ ნაწილშიმისი კედლები თხელი ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი. 
იგი ფორმით საგიტალურ სიბრტყეში ჩადგმულ ოვალურ დისკოს ჰგავს.
მისი ზომებია: სიგრძე - 15მმ; სიგანე - 13მმ, სისქე - 2-3 მმ. 


დაფის ღრუს ყოფენ სამ სართულად:
1. ზედა სართული (epitympanum, atticos) - გუმბათი, იგივე დაფისზედა სივრცე 
2. შუა სართული (mesotympanum) - შეესაბამება დაფის აპკს 
3. ქვედა სართული (hypotympanum) - წარმოადგენს მცირე ზომის ჩაღრმავებას, დაფის აპკის ქვემოთ. 

დაფის ღრუს აქვს 6 კედელი:
1. 
 გარეთა (ანუ ლატერალური) აპკისებრი კედელი (paries membranacea) -იქმნება  დაფის აპკით

2. შიგნითა (ანუ მედიალური) ლაბირინთის კედელი (paries labyrinthicus)დაფის ღრუს გამოყოფს შიგნითა ყურისგან. ეს კედელი შედარებით რთული რელიეფისაა.
* მასზე განირჩევა:
  - მკვეთრად გამოხატული შემაღლება, 
ე.წ. კონცხი (promotorium), რომელიც იქმნება    
    ლოკოკინას ძირითადი ხვეულის გარეთა კედლით.
  - კარიბჭის (ოვალური) სარკმელი (fenestra vestibule) - წარმოადგენს ოვალური ფორმის 
    ხვრელს, მდებარეობს კონცხის (promotorium) ზემოთ. მას ებჯინება უზანგის ფუძე. 
  სახის ნერვის შემაღლება (prominentia canalis facialis) - მდებარეობს კარიბჭის
    სარკმელის ზემოთ. იქმნება 
სახის ნერვის არხის რელიეფით. 
  - ლოკოკინას (მრგვალი) სარკმელი (fenestra rotunda cochleae) - მდებარეობს კონცხის
    (promontorium) ქვემოთ და უკან. დაფარულია 
მეორადი დაფის აპკით. 

3. ზედა, ანუ სახურავის კედელი (paries tegmentis) - თხელი ძვლოვანი ფირფიტაა (მისი სისქეა 1 დან 6მმ-მდე) და შეესაბამება  საფეთქლის  ძვლის დაფის სარქველს (tegmen tympani).  იგი გამოყოფს დაფის ღრუს ქალას შუა ფოსოსგან.
* ზედა კედელი (tegmen tympani) ზოგ შემთხვევაში დეჰისცენცირებულია (დეჰისცენცია - რღვევა, განლევა), რის გამოც დაფის ღრუს ლორწოვანი გარსი უშუალოდ  ტვინის მაგარ გარსს ებჯინება. აღნიშნული ანატომიური თავისებურება, შუა ყურის ჩირქოვანი პროცესის  ქალასშიგა გართულების ერთ–ერთი მიზეზია. 


4. ქვედა, ანუ საუღლე კედელი (pars jugularis) -  ქალას ფუძის გარეთა ზედაპირის საუღლე ფოსოს შეესაბამება. აღნიშნულ ფოსოში საუღლე ვენის ბოლქვი მდებარეობს (bulbus v. jugularis)
* ზოგ შემთხვევაში დაფის ღრუს ქვედა კედელი დეჰისცენცირებულია და საუღლე ვენის ბოლქვი დაფის ღრუს ფარგლებში აღწევს. სწორედ ამ მიზეზით, შესაძლოა მასზე ინფექცია გავრცელდეს, განვითარდეს თრომბოფლებიტი და სეფსისი. ასევე პარაცენტეზის (ორგანიზმის რაიმე ღრუს პუნქცია მისგან პათოლოგიური შიგთავსის ამოსაღებად), ან ქვედა კედლის გამოფხეკის დროს სისხლძარღვი ზიანდება, რასაც ძლიერი სისხლდენა მოჰყვება. 

5. წინა, ანუ საძილე კედელი (paries caroticus) გამოყოფს დაფის ღრუს  საძილე არხისგან (canalis caraticus), კედლის ზედა ბოლო გახსნილია და ქმნის სასმენი ლულის დაფისკენა ხვრელს;
ზოგ შემთხვევაში საძილე კედელი დეჰისცენცირებულია. ამ ანატომიური თავისებურების გამო შესაძლოა დაფის ღრუდან ინფექცია საძლე არტერიაზე გადავიდეს. ასევე მოხდეს მისი დაზიანება პარაცენტეზის ან სხვა ქირურგიული მანიპულაციის დროს. 

6. უკანა, ანუ დვრილისებრი კედელი (paries mastoideum) - ესაზღვრება დვრილისებრ მორჩს. მის ზედა ნაწილში ხვრელია (aditus ad antrum), რომლის საშუალებითაც დაფის ღრუს ზედა სართული (ატიკი) დაკავშირებულია დვრილისებრი მორჩის ყველაზე დიდ უჯრედთან – მღვიმესთან (antrum mastoideum). 
დვრილისებრ კედელზე ასევე აღინიშნება პირამიდული მორჩი (eminentia pyramidalis), რომელიც უზანგის კუნთის მიმაგრების ადგილს შეესაბამება. 


 სასმენი ძვლები (ossicula auditus)

სასმენი ძვლები დაფის ღრუში მდებარეობს. ადამიანს აქვს რთული ფორმის სამი სასმენი ძვალი. ისინი ესახსრებიან ერთიმეორეს და ქმნიან ჯაჭვს, რომელიც გადაჭიმულია დაფის აპკიდან კარიბჭის (ოვალურ) სარკმელამდე.
სასმენი ძვლების სახელწოდება გამომდინარეობს მათი ფორმიდან. მათი სახელებია: ჩაქუჩი (malleus), გრდემლი (incus) და უზანგი (stapes). მათგან ყველაზე დიდია ჩაქუჩის, ხოლო  ყველაზე პატარა – უზანგის ძვალი.

დაფის აპკტას სასმენი ძვლები დაკავშირებულია ჩაქუჩის ტარით (manabrium mallei), ხოლო კარიბჭის (ოვალურ) ხვრელთან – უზანგის ფუძით (basis stapedis). დაფის აპკის, სასმენი ძვლებისა და კარიბჭის ასეთი ურთიერთობა უზრუნველყოფს დაფის აპკზე დაცემული ბგერითი ტალღების გადაცემას აპკისებრ ლაბირინთში მოქცეული ენდოლიმფისთვის.

დაფის ღრუს კუნთოვანი აპარატს ეკუთვნის ორი კუნთი:
დაფის აპკის დამჭიმავი კუნთი (m. tensor tympani) და მისი ანტაგონისტი უზანგის კუნთი (m. stapedius). ამ კუნთების მოქმედებით ხორციელდება მიღებული ბგერების ოპტიმალური გატარება. კერძოდ ხდება მირებული ბგერითი რხევების შესუსტება (დამცველობითი ფუნქცია (m. tensor tympani)) ან გაძლიერება (ადაპტაციის ფუნქცია (m. stapedius)).

 სასმენი ლულა (tuba auditiva Eustachii) 


სასმენ ლულა (tuba auditiva Eustachii) ერთი ბოლოთიდაფის უკანა ხვრელით (ostium tympanicum) იხსნება დაფის ღრუში; ხოლო მეორე ბოლოთი სასმენი ლულის ხახისკენა ხვრელით (ostium pharynheum tubae auditivae) - ცხვირხახის ლატერალურ (გვერდით) კედელში. 

ევსტახის ლულის (სასმენი ლულის) დანიშნულებაა გაათანაბროს დაფის ღრუს წნევა ატმოსფერულ წნევასთან. აღნიშნული საჭიროა ბგერის გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 


სასმენი ლულის სიგრძეა - 35მმ, ხოლო დიამეტრი - 2მმ. სასმენი ლულა იყოფა ძლოვან ნაწილად (pars ossea tubae auditivae (1/3)) (დაფის ღრუსთან ახლოს მდებარე ნაწილი) და ხრტილოვან ნაწილად (pars cartilaginea tubae auditivae (2/3)). ამ ორ ნაწილს შორის საზღვარს ქმნის სასმენი ლულის ყელი (istmus tubae auditivae) (ყველაზე შევიწროებული ნაწილი (1მმ)).


 დვრილისებრი მორჩი (processus mastoideus) 


დვრილისებრი მორჩის (processus mastideus) ფორმა ინდივიდუალურად ვარიაბელურია. უმეტეს შემთხვევაში მას მწვერვალით ქვემოთ მიმართული კონუსის ფორმა აქვს. 

დვრილისებრ მორჩზე განირჩევა გარეთა და შიგნითა ზედაპირები. 
გარეთა ზედაპირი შედარებით სადაა, ხორკლიანია მხოლოდ მწვერვალზე, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მიმაგრების ადგილზე. 
შიგნითა ზედაპირი ორ ნაწილად იყოფა. ქვედა ნაწილი თავისუფლად გამოშვერილი მწვერვალია და მოსაზღვრულია დვრილისებრი ნაჭდევით (incisura mastoidea) სადაც უმაგრდება ორმუცელა კუნთი. დვრილისებრი ნაჭდევის გვერდით, მედიალურად გადის კეფის არტერიის ღარი (sulcus arteriae occipitalis). დვრილისებრი მორჩიდან მედიალურად, საფეთქლის ძვალი კეფის კიდით (margo occipitalis) მთავრდება, რომელიც თითქმის იმეორებს მის გასწვრივ გამავალი სიგმოიდური სინუსის (sulcus sinus sigmoidei) ფორმას.

დვრილისებრი მორჩის გარეთა და შგნითა კედლები კომპაქტური ძვლისგან შედგება. მათ შორის მდებარე ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა კი ვარიაბელურია. ვარიაბელობა დამოკიდებულია მისი პნევმატიზაციის ხარისხზე. 
დვრილისებრი მორჩის სისქეში ჰაერის შემცველი ღრუები, ანუ უჯრედებია (cellulae mastoideae). აღნიშნული უჯრედებიდან მუდმივობით და ლოკალიზაციის განსაზღვრულობით ხასიათდება მხოლოდ ერთი, ყველაზე დიდი უჯრედი, რომელსაც მღვიმე (antrum mastoideum) ეწოდება. მღვიმე გასავლით (aditus ad antrum) უკავშირდება დაფის ღრუს ზედა ნაწილს – ატიკს (atticos)



ახალშობილებს დვრილისებრი მორჩი არ აქვთ. გამოხატულია მხოლოდ პატარა ბორცვი (tuberculum mastoideum), რომელიც შეიცავს საკმაოდ დიდი ზომის მღვიმეს (უფრო დიდს ვიდრე მოზრდილებში). ზრდასთან ერთად დვრილისებრ მორჩში მიმდინარეობს პნევმატიზაციია: მღვიმის გამომფენი მუკოპერიოსტეუმი ჩაიზრდება ძვლის ტვინის შემცველ ღრუებში და იწვევს ძვლის ტვინის გამოდევნას და განწოვას. დვრილისებრი მორჩის განვითარედბა სრულდენა 5-6 წლის ასაკში და ყალიბდება ე.წ. პნევმატური ტიპის დვრილისებრი მორჩი. 

აღსანიშნავია, რომ პნევმატური ტიპის დვრილისებრი მორჩის გარდა გვხვდება დიპლოესური (სპონგიოზური, ღრუბლისებრი) ტიპის დვრილისებრი მორჩიც. მის შემადგენლობაში ძრითადად შედის ძვლის ტვინის შემცველი პატარა ღრუბლები, ჰაეროვანი უჯრედები კი უმნიშვნელო რაოდენობითაა წარმოდგენილი, მღვიმესთან ახლოს. 

ასევე გვხვდება შერეული ტიპის დვრილისებრი მორჩიც - ის წარმოდგენილია ერთ ნაწილში პნევმატური, ხოლო მეორე ნაწილში დიპლოესური უჯრედების გროვებით. 

აღწერილია დვრილისებრი მორჩის ე.წ. სკლეროზული აგებულებაც. ამ შემთხვევაში ის მთლიანად კომპაქტურია ან ღრუები მინიმალური რაოდენობით გვხვდება. 

ზემოთ აღნიშნული დვრილისებრი მორჩის სხვადასხვა ტიპის ჩამოყალიბება განპირობებულია პნევმატიზაციის  პროცესის სხვადასხვანაირი დარღვევით. 

No comments:

Post a Comment