Friday, November 13, 2015

გარეთა ყური (auris externa)


გარეთა ყურის (auris externa) შემადგენლობაში შედის:
1. ყურის ნიჟარა (auricula)
2. გარეთა სასმენი მილი (meatus acusticus externus) - ის ქმნის ძაბრისებრ ჩაღრმავებას და ბგერით ტალღებს მიმართავს დაფის აპკისკენ.



 ყურის ნიჟარა (auricula) 

ყურის ნიჟარა წარმოდგენილია რთული ფორმის ელასტიური ხრტილით (cartilago auriculae), რომელიც დაფარულია მასთან მჭიდროდ შეზრდილი კანით. ის მეზობელ ძვლებსა და ფასციებს იოგების საშუალებით უკავშირდება.
ნიჟარის ქვედა  წამახვილებულია ბოლო – ყურის ბიბილო (წილაკი) (Lobus auricular) არ შეიცავს ხრტილს. ის გამსხვილებულია ფაშარი და ცხიმოვანი კანქვეშა ქსოვილის ხარჯზე.

ყურის ნიჟარის გარეთა კიდე მორგვივით მიყვება მას მთელ სიგრძეზე და ქმნის ჭავლს (Halix), რომელიც შემოუვლის ნიჟარის ზედა კიდეს და გარეთა სასმენი ხვრელის (porus acusticus externus) ზევით მთავრდება ე.წ. ჭავლის ფეხით (Crus Halicis), ჭავლის ზედა უკანა კიდე ხშირ შემთხვევაში გამახვილებული და გამსხვილებულია. მას ყურის ნიჟარის ბორცვი (tuberculum auriculae)  ეწოდება. აღნიშნულ ბორცვს ხშირად დარვინის ბორცვსაც უწოდებენ. 

ნიჟარის გარეთა ზედაპირს თითქმის შუაზე, ჭავლის წინ და პარალელურად მთელს სიგრძეზე მიყვება მეორე შემაღლებული რკალი, ე.წ. წინა ჭავლი (antehelix), რომელიც ზედა ბოლოში იყოფა და ქმნის წინა ჭავლის ფეხებს (crura anterhalicsis). წინა ჭავლის ფეხებს შორის კარგად გამოხატულია სამკუთხა ფოსო (fossa triangularis). 
ჭავლსა (helix) და წინა ჭავლს (antehelix) შორის იქმნება ჩაღრმავება, რომელსაც ნავი (scapha) ეწოდება.



გარეთა სასმენი ხვრელის (porus acusticus externus)  წინ განცალკევებული შემაღლების სახით წარმოდგენილია წინა სახური (tragus). წინა სახურის ქვევით და ოდნავ უკან უკანა სახური (antitragus) მდებარეობს. წინდა და უკანა სახური ერთმანეთისგან გაყოფილია სახურთაშორისი ნაჭდევით – (incisura intertragacia)

წინა ჭავლითა და უკანა სახურით მოისაზღვრება ნიჟარის ღრუ (cavum conchae), რომელიც წინა სახურის დონეზე და მის უკან ღრმავდება და გადადის გარეთა სასმენ მილში (meatus acusticus externus).


 გარეთა სასმენი მილი (meatus acusticus externus)  

გარეთა სასმენი მილი (meatus acusticus externus (meatus-გასავალი, შესავალი)) იწყება გარეთა სასმენი ხვრელით (porus acusticus externus), მიემართება გარედან შიგნით – საფეთქლის ძვლის სიღრმეში და მთავრდება ყრუდ - დაფის აპკით. 

გარეთა სასმენი მილი ორი ნაწილისგან შედგება. ესენია:
1. გარეთა – აპკოვან-ხრტილოვანი (
meatus acusticus externus cartilaginous) (1/3)
2. შიგნითა – ძვლოვანი (2/3)


აპკოვან-ხრტილოვანი ნაწილი ყურის ნიჟარის გაგრძელებაა. ის შეიცავს  ორ ნაპრალს (სანტორინის ნაპრალები - incisurae Santorini), რომლებიც ამოვსებულია შემაერთებელი ქსოვილით. სანტორინის ნაპრალები უშუალოდ ესაზღვრება ყბაყურა ჯირკვალს, რის გამოც გარეთა სასმენი მილიდან ყბაყურა ჯირკვალში, და პირიქით, ანთებითი პროცესის გავრცელების შესაძლებლობა იქმნება

გაერთა სასმენი მილის აპკოვან-ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილები ერთმანეთთან დაკავშირებულია ელაქტიკური შემაერთებელი ქსოვილით. ასეთი ანატომიური აგებულება განაპირობებს გარეთა სასმენი მილის ძვრადობას, ეს კი ყურის დათვალიერებას და სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებას აადვილებს. 


გარეთა სასმენი მილის მიმართულება გარედან შიგნით არ არის სწორხაზოვანი. იგი ქმნის ზიგზაგებსჰორიზონტალურ და ფრონტალურ სიბრტყეში. ამიტომ დაფის აპკის დათვალიერებისთვის საჭიროა გარეთა სასმენი მილის გასწორება – ყურის ნიჟარის ზემოთ და უკან გადაწევით. 



ზრდასრული ადამიანის გარეთა სასმენი მილის სიგრძე 35მმ–ია.
მისი დიამეტრია:
 შესავალში – 9მმ-ია, ხოლო ყველაზე ვიწრო ნაწილში (ყელი (isthmus)) – 6მმ, ეს ის ადგილია, სადაც მილის ხრტილოვანი ნაწილი ძვლოვან ნაწილში გადადის. 


გარეთა სასმენი მილი ამოფენილია კანით. აპკოვან-ხრტილოვან ნაწილში კანი სქელია, დაახლოებით 2მმ. შემდეგ ძვლოვან ნაწილში თანდათან თხელდება (0,1 მმ-მდე) და მეტად ნაზი საფარველის სახით გრძელდება დაფის აპკზე და ქმნის მის გარეთა შრეს  

ხრტილოვანი ნაწილის კანში გვხვდება თმის ფოლიკულები, ასევე ცხიმოვანი (gl. sebacea) და ცვილის, ანუ გოგირდოვანი (gl. ceruminosa) ჯირკვლები, რომლებიც შესაბამის პროდუქტს გამოყოფენ გარეთა სასმენ მილში. 

ძვლოანი ნაწილის კანი თმასა და ჯირკვლებს არ შეიცავს. 

გარეთა სასმენ მილს 4 კედელი აქვს:
1. წინა კედელი
   * - ესაზღვრება ქვედა ყბის სახსარს, რის გამოც სასმენი მილის ანთებითი პროცესის
        შემთხვევაში ღეჭვითი მოძრაობა ტკივილის გაძლიერებას იწვევს.
     - ქვედა ყბის ტრავმის დროს, იზრდება სასმენი მილის წინა კედლის მოტეხილობის ალბათობა


2. უკანა კედელი
   * - წარმოადგენს დვრილისებრი მორჩის წინა კედელს. მასტოიდიტის დროს ერთვება ანთებით
       პროცესში. 


3. ზედა კედელი
   * - ესაზღვრება ქალას შუა ფოსოს, რის გამოც, აღნიშნული ფოსოს მოტეხილობის დროს,
        შესაძლებელია ყურიდან ცერებრულ-სპინალური სითხისა და სისხლის დენა.  


4. ქვედა კედელი
   * - ქვედა კედლის ქვეშ განლაგებულია ლიმფური კვანძები(ლიმფური კვანძები ასევე            
        განლაგებულია გარეთა სახურის წინ და დვრილისებრ მორჩზე)

        გარეთა სასმენი მილში ანთებითი პროცესის არსებობის შემთხვევაში, ლიმფური კვანძები,         ხშირად, გადიდებული და მტკივნეულია. 


გარეათა ყურის მკვებავი არტერიები: 
გარეთა საძილე არტერიის ტოტები: a. auricularis posterior და a. temporalis superficialis
ზედა ყბის შიგნითა არტერიის ტოტი - a. auricularis profunda
  * თითოეულ არტერიას თან სდევს ორ–ორი ვენა.
    ლიმფური ძარღვები მიემართება ლიმფური კვანძებისკენ.
    ლიმფური კვანძები განლაგებულია წინა სახურის წინ,
    დვრილისებრ მორჩზე და გარეთა სასმენი მილის ქვედა კედელზე. 


გარეათა ყურის ინერვაცია:
- n. auriculotemporalis (სამწვერა ნერვის ტოტი)
- n. auricularis magnus (კისრის მესამე კვანძიდან) 
- r. auricularis n. vagi - სწორედ ამ ნერვთან არის დაკავშირებული, გარეთა სასმენი მილის გამოწმენდისას გამოხატული რეფლექსური ხველა. 
- მამოძრავებელი ნერვები მოემართება სახის ნერვიდან

No comments:

Post a Comment