Saturday, May 21, 2016

თავის ტვინი (encephalon)

 ზოგადი მიმოხილვა 



თავის ტვინი (encephalon) მდებარეობს ქალას ღრუში. მისი გამოდრეკილი ზემო-გარეთა ზედაპირი ეხება ქალასარქველს, მისი ფუძე _ ქვემო ზედაპირი ეყრდნობა ქალას ფუძის სატვინე ზედაპირს. თავის ტვინის ჰემისფეროები (hemispheria) დასერილია ტვინის ღარებით  (sulci cerebri), რომელთა შორის გარკვეული წესით განლაგებული ტვინის ხვეულები (gyri cerebri); ჰემისფეროების უკანა ე.ი. კეფის ნაწილის ქვეშ მდებარეობენ ნათხემი (cerebellum) და მოგრძო ტვინი (medulla oblongata).



თავის ტვინს ყოფენ ორ ძირითად ნაწილად: ტვინის ღერო და ჰემოსფეროები. ტვინის ღერო არის თავის ტვინის უძველესი ნაწილი, რომელსაც ისევე, როგორც ზურგის ტვინს, შერჩენილი აქვს სეგმენტური ხასიათი და რომლიდანაც გამოდის 12 წყვილი თავის ტვინის ნერვი, ისევე, როგორც ზურგის ტვინიდან სეგმენტურად გამოდიან ზურგის ტვინის ნერვები.

 თავის ტვინს ეკუთვნის: 

1, მოგრძო ტვინი;
2. ნათხემი;
3. ხიდი;
4. ტვინის ფეხები;
5. შუა ტვინის სახურავი;
6. რუხი ბორცვი;
7. დანამატი;
8. ჰემისფეროები.

ჰემისფეროების ღართი (pallium) ახლად შეძენილი, უაღრესად მაღალი განვითარების დანართია, ადამიანში ყველაზე მეტად გაზრდილი ახალი ნაწილია, რომელსაც უკვე ეწოდება ახალი ტვინი (neencephalon).

ეს წარმონაქმნი არის ტვინის ყველა დანარჩენ ნაწილებზე ახლად განვითარებული დამატება, რომელმაც დაიკავა გაბატონებული ადგილი ნერვულ სისტემაში და რომელმაც ფუნქციურად დაიმორჩილა ყველა დანარჩენი ნაწილი. საგულისხმოა, რომ ტვინის ღართს გარემოსთან აქვს კავშირი არა უშუალოდ, არამედ ტვინის ღეროს მეშვეობით.
ნერვული ლულის ღრუ, თავის ტვინის კედლების გართულებული და არათანაბარი ზრდის გამო, განიცდის მკვეთრ ცვლილებებს და გადაიქცევა ერთიმეორესთან დაკავშირებულ ე.წ. ტვინის პარკუჭებად (ventriculi cerebri).
ღართის გადამეტებული ზრდა გავლენას ახდენს მის მოცულობაზე, ძვლოვანი კოლოფის გადიდებასა და ფორმირებაზე და ტვინის ქალას მკვეთრ ზრდაზე შედარებით სახის ქალასთან.
ახალშობილის ტვინის წონა უახლოვდება ნახევარ კილოგრამს; პირველი წლის ბოლოს წონა ორჯერ მატულობს, ტვინი ზრდას განაგრძობს 25 წლამდე, მისი წონა აღწევს 1500 გ და 60-65 წლამდე მცირე ცვლილებებს განიცდის; 65 წლის შემდეგ ჰემისფეროების ქერქი თანდათან ატროფიას განიცდის, ჭკნება.


 ქვემო ზედაპირი 

თავის ტვინის ქვემო ზედაპირის უმეტესი ნაწილი უკავია ჰემისფეროების შუბლისა და საფეთქლის წილებს; ხოლო ქალას ფუძის უკანა მიდამო დაკავებულია ნათხემით და მოგრძო ტვინით, რომელთა ზემოთ მდებარეობენ თავის ტვინის ჰემისფეროების კეფის წილები.


თავის ტვინის ქვემო ზედაპირზე შუბლის წილები გაყოფილია ტვინის გასწვრივი ღრმა ნაპრალით (fissure longitudinalis cerebri). ამ ნაპრალის მეზობლად მდებარეობენ განუვითარებელი ყნოსვის ტვინის ნაწილები: ყნოსვის ბოლქვი _ bulbus olphactorius,  ყნოსვის ტრაქტი _ tractus olphactorius, ყნოსვის სამკუთხედი _ trigonum olphactorium. ყნოსვის ბოლქვს ქვემოდან უკავშირდება 15-20 მკრთალი ნერვული კონა _ ყნოსვის ნერვები _ nn. olphacrorii, რომლებიც ამოღებულ ტვინზე არ ჩანან.

ტვინის ქვემო ზედაპირის ცენტრალურ ნაწილში ტვინის გასწვრივ ნაპრალს საზღვრავს მეტად თხელი სასაზღვრო ფირფიტა _ lamina terminalis. ამ ფირფიტის დანახვა შეიძლება, თუ მხედველობის ნერვების ჯვარედინს ავწევთ ოდნავ ზევით. აღნიშნული ფირფიტის გვერდებზე მოთავსებულია პატარა ფორაკი, რომელსაც უწოდებენ წინა დახვრეტილ სუბსტანციას _ substantia perforata anterior. ამ ფორაკის მახლობლად მოთავსებულია მხედველობის ჯვარედინი _ chiasma opticum. ჯვარედინიდან წინისაკენ თვალის კაკალში მიდის საკმაოდ მსხვილი, მომრგვალო ფორმის თავის ტვინის ნერვების მე-2 წყვილი _ მხედველობის ნერვი _ nervus opticus, ხოლო ჯვარედინის უკან ტვინისაკენ მიიმართება მხედველობის ტრაქტი _ tractus opticus; ეს უკანასკნელი უხვევს ტვინის ფეხს და აღწევს ე.წ. დამუხვლილ სხეულს და მხედველობის ბორცვს.
მხედველობის ჯვარედინის უკან მდებარეობს რუხი ბორცვი _ tuber cinereum; მის ძაბრივით _ infundibulum შევიწროებულ მოკლე ფეხზე ჩამოკიდებულია დანამატი _ hypophisis. რუხი ბორცვი და მის უკან მდებარე ჩაღრმავებული ორმო გვერდებიდან მოსაზღვრულია ე.წ. ტვინის ფეხებით _ crura cerebri. რუხი ბორცვის უკან, ტვინის ფეხებს შუა მდებარეობს საკმაოდ ღრმა ფეხთაშუა ფოსო _ fossa interpeduncularis, რომლის ძირშიაც მოთავსებულია ორი თეთრი ფერის, მკვეთრად გამოხატული დვრილისებრი სხეულები _ corpora mammilaria. ამ სხეულების უკან მცირე ფორაკი დართულია მრავალი წვრილი ხვრელით, რომელთაც უკანა დახვრეტილ სუბსტანციას _ subsrantia perforata posterior უწოდებენ. ტვინის ფეხების მედიალურად სპეციალური ღარიდან გამოდის ორივე მხარეზე მე-3 წყვილი - თვალის მამოძრავებელი ნერვი _ n. oculomotorius. ტვინის ფეხებსა და ფეხთაშუა ფოსოს უკან ძევს მსხვილი, წინიდან და უკანიდან მკაფიოდ მოსაზღვრული, განივი მიმართულებით დასერილი ხიდი _ Pons. იმ ნაპრალში, რომელიც არსებობს ტვინის ფეხსა და საფეთქლის წილს შორის ორივე მხარეზე, ტვინის ქვემო ზედაპირზე ჩნდება თავის ტვინის მე-4 ნერვი  - ჭაღისებრი ნერვიn. trochlearis, რომელიც ფაქტიურად ტვინის ღეროს დორსალურ მხარეზე გამოდის, შუატვინის სახურავის უკან, ე.წ. ზემო ფარდის ლაგამის გვერდით. ხიდი გვერდებისაკენ ვიწროვდება და ქმნის შუა ნათხემის ფეხებს _ pedunculi cerebellaris medii (brachia pontis). ხიდის შუა ხაზზე ნათლად მოჩანს ძირითადი ღარი _ sulcus basilaris, რომელზედაც თანამოსახელე არტერია გაივლის. ნათხემის შუა ფეხებიდან გამოდის თავის ტვინის მე-5 წყვილი _ სამწვერა ნერვი _n. trigeminus. ხიდის უკან მდებარეობს ბოლქვისმაგვარი, ოდნავ გაბრტყელებული სხეული, ე.წ. მოგრძო ტვინიmedulla oblongata, რომელიც ქვევით თანდათან ვიწროვდება და ზურგის ტვინში გადადის. ხიდსა და მოგრძო ტვინის ე.წ. პირამიდას შორის მდებარე ღარიდან გამოდის თავის ტვინის მე-6 წყვილი, განმზიდველი ნერვი _ n. abducens.

მოგრძო ტვინის გვერდებზე მდებარეობენ ნათხემის ჰემისფეროები, რომელთა ნივთიერებაში შეიჭრებიან შუა ფეხები. ხიდის უკან, მოგრძო ტვინსა, ნათხემსა და ე.წ. კვირტს (flokulus) შორის გამოდის ზედიზედ სამი ნერვი: სახის ნერვიn facialis (VII წყვილი), კარიბჭე-ლოკოკინის ნერვი _ n. vestibulocochlearis (VIII წყვილი) და მათ შორის შუამდებარე ნერვი n. intermedius.

მოგრძო ტვინის გვერდითი ზედაპირიდან გამოდის ორი ნერვი: თავის ტვინის IX წყვილი ენა-ხახის ნერვი _ n. glossopharyngeus და ცთომილი ნერვი _ n. vagus (X წყვილი).

მოგრძო ტვინის წინა ზედაპირის შუა ხაზზე გაივლის წინა შუა ნაპრალი _ fissura mediana anterior, მის ორივე გვერდზე, ხიდის უკან მოთავსებულია ორი მომსხვილო სხეული, რომელთაც პირამიდებს _  pyramis _ უწოდებენ. მოგრძო ტვინის ბოლო ნაწილიდან და აგრეთვე ზურგის ტვინის ზემო ნაწილადან (კისრის მეხუთე მალის დონემდე) რამდენიმე წვრილი ფესვით გამოდის XI წყვილი ნერვი, დამატებითი ნერვიn. accessorius. მოგრძო ტვინის წინა შუა ნაპრალში პირამიდების ნერვული ბოჭკოები ერთი მხრიდან გადადიან მეორე მხარეზე, ე.ი. ჯვარედინდებიან. ამ ადგილს პირამიდათა ჯვარედინი - decussatio pyramidum ეწოდება. პირამიდთა ჯვარედინით ზუსტად აღინიშნება საზღვარი თავისა და ზურგის ტვინს შორის. პირამიდების გვერდით მდებარეობს ორი სხეული, მოგრძო, მომრგვალებული ბოლოებით, რომლებსაც უწოდებენ ოლივებსolivae. პირამიდასა და ოლივებს შორის გამოდის ენისქვეშა ნერვი _ n. hypoglossus (XII წყვილი).

ადამიანისათვის თავის ტვინის ხვედრითი წონა რამდენადმე აღემატება ერთ მთელს.

ახალშობილის თავის ტვინში წყალი შეადგენს 89,4%-ს, მოზრდილი ადამიანის ტვინში კი _ 75%-ს. მოზრდილი ადამიანის ტვინის წონა მერყეობს 900-188-2000 გრამის ფარგლებში. მოზრდილი ადამიანის ტვინის მოცულობა შეადგენს 1050-1200 კუბიკურ სანტიმეტრს.

თავის ტვინის საგიტალური ნაკვეთი 

თავის ტვინის საგიტალური ნაკვეთზე ნათლად ჩანს ტვინის ღეროს თითქმის ყველა ნაწილი და ამავე დროს კარგად ირკვევა მათი ტოპოგრაფიული ურთიერთობაც ღართთან. თავის ტვინის საგიტალური ნაკვეთზე ნათლად ჩანს ჰემისფეროს მედიალური ზედაპირი მისი ღარებით და ხვეულებით, ნათხემის ნაწილები და აგრეთვე მკვეთრად შემოსაზღვრული თეთრი სხეული, რომელიც ტვინის ნაკვეთის შუაში მდებარეობს. ეს სხეული არის ე.წ. კორძიანი სხეული corpus callosum.
კორძიანი სხეული წარმოადგენს ტვინის დიდ შესართავს, რომელიც აერთებს თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ქერქის ნაწილებს; მასში არჩევენ უკანა, გამსხვილებულ ნაწილს, რომელსაც კორძიანი სხეულის ბორცვი _ splenium corporis callosi ჰქვია, შემდეგ შუა ნაწილს, კორძიანი სხეულის წველს truncus corporis callosi და წინა, მოხრილ ნაწილს, რომელსაც კორძიანი სხეულის მუხლს უწოდებენ _ genu corporis callosi. მუხლი თანდათან ვიწროვდება, წვეტიანდება და ქმნის ფსკერსrostrum corporis callosi, შემდეგ ქაღალდივით თხელდება და ქმნის სასაზღვრო ფირფიტას _ lamina terminalis; იგი წინიდან შეზრდილია მხედველობის ნერვთა ჯვარედინთან; ეს უკანასკნელი ფირფიტა წარმოადგენს ტვინის მესამე პარკუჭის წინა კედელს. კორძიანი სხეულის წველის ქვემო ზედაპირს სცილდება თეთრი კონა, რომელიც რკალივით იდრიკება წინ და ქვემოთ და შეიჭრება ტვინის მასაში; ეს არის ე.წ. თაღის სვეტი columna fornicis.

კორძიანი სხეულის მუხლსა, ფსკერსა და თაღის სვეტს შორის გაჭიმულია გამჭირვალე ძგიდეseptum pellucidum, რომელიც ორი _ მარჯვენა და მარცხენა _ ფირფიტისაგან შედგება და რომელთა შორის რჩება მეტად მცირე გამჭირვალე ძგიდის ღრუcavum septi pellucudi ( ძველი ავტორებით _ ტვინის მეხუთე, ყალბი პარკუჭი). თაღის სვეტის უკან მოჩანს პარკუჭთაშუა ხვრელიforamen interventriculare, რომელიც მესამე პარკუჭს აერთებს გვერდით პარკუჭებთან და რომლითაც სისხლძარღვთა წნული გვერდით პარკუჭში შემოდის მესამე პარკუჭიდან. კორძიან სხეულის წველსა და თაღის ქვეშ მდებარეობს მესამე პარკუჭის სისხლძარღვთა სარქველიtela choroidea ventriculi tertii _ ორივე მხრიდან მოფენილი უთხელესი ეპითელური საფარველით.

თაღი _ fornix. თაღის ბოჭკოები იწყება მხედველობის ბორცვის მასაში;; ეს ბოჭკოები მასში დაფანტულია მარაოსავით; აქედან თაღის აღნიშნული თეთრი კონების ბოჭკოები გროვდება ტვინის ფუძეზე დვრილისებრ სხეულებთანcorpora mamillaria. ამ კონას უწოდებენ დვრილ-მხედველობის ბორცვის კონას _ fasciculus mamillothalamicus.


No comments:

Post a Comment