Saturday, June 4, 2016

მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი


მწვავე პიელონეფრიტი
პიელონეფრიტი წარმოადგენს თირკმლის პარენქიმისა და მენჯ-ფიალათა სისტემის ინფექციურ ანთებას.

კლინიკური ნიშნები: მწვავე პიელონეფრიტს ახასიათებს კლასიკური ნიშანი: ცხელება (>380) და ტკივილი წელის არეში.
კვლევის მეთოდები: შარდის საერთო ანალიზი – ლეიკოციტურია (>10მხ/არ) და ერითროციტურია; შარდის დათესვა - ≥104 კოლონიის წარმომქმნელი ბაქტერია 1 მლ შარდში; მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია და ულტრასონოგრაფია – დგინდება საშარდე გზების ობსტრუქციის, ან შარდკენჭოვანი დაავადების არსებობა; ექსკრეტორული უროგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია – ნაჩვენებია 72 საათის განმავლობაში მწვავე პიელონეფრიტის მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, რათა გამოირიცხოს ანთებითი პროცესის სეროზული ფაზიდან ჩირქოვან ფაზაში გადაზრდა ან სხვა გართულებები.
მკურნალობა: მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია პიელონეფრიტის სახეზე. გაურთულებელი სგი-ის შემთხვევაში მწვავე პიელონეფრიტის მკურნალობას წარმოადგენს ანტიბაქტერიული თერაპია 14-21 დღის განმავლობაში. გართულებული სგი-ის შემთხვევაში მწვავე პიელონეფრიტის მკურნალობა მიზნად ისახავს ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორების ლიკვიდაციას ან კორექციას და ანტიბაქტერიულ თერაპიას.

მწვავე ინფექციის ნაირსახეობაა მწვავე ობსტრუქციული პიელონეფრიტი – საშარდე გზების ობსტრუქციის ფონზე მიმდინარე პიელონეფრიტი. ობსტრუქციის ლიკვიდაციის გზებია: შარდსაწვეთის კათეტერიზაცია, პერკუტანული ნეფროსტომია, ოპერაციული ნეფროსტომია. ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება სასურველის თანხვდეს ობსტრუქციის ლიკვიდაციას.

მწვავე პიელონეფრიტი შესაძლებელია გართულდეს თირკმლის კარბუნკულის, თირკმლის აბსცესის ან პიონეფროზის ჩამოყალიბებით.

თირკმლის კარბუნკული წარმოადგენს ნეკროზულ-ანთებად-ჩირქოვან პროცესს, რომელიც ვითარდება თირკმლის პარენქიმის შემოსაზღვრულ უბანში ან უბნებში. კარბუნკული, ჩვეულებრივ, თირკმლის საბოლოო არტერიის ინფექციური ემბოლით დახშობის შედეგია. ძირითადში ამის მიზეზს სტაფილოკოკური ინფექცია წარმოადგენს, რომელმაც განიცადა ჰემატოგენური დისსემინაცია ანთების პირველადი კერიდან. პირველადი კერა შეიძლება ლოკალიზებული იყოს, როგორც შარდ-სასქესო ორგანოებში, ასევე მის გარეთ. მკურნალობა ქირურგიულია – ლუმბოტომია, თირკმლის დეკაფსულაცია, კარბუნკულის ამოკვეთა ან დსერვა, დრენირება, ნეფროსტომია. მნიშვნელოვანი დესტრუქციის შემთხვევაში – ნეფროქტომია.

თირკმლის აბსცესი წარმოადგენს მწვავე პიელონეფრიტის ჩირქოვან ფაზაში, პარენქიმის ჩირქოვან-დესტრუქციული უბნების შერწყმის შედეგს. აბსცესი თავდაპირველად შემოსაზღვრულია თირკმლის კაფსულით, შემდგომში, კაფსულის დესტრუქციის გამო აბსცესი ვრცელდება პარანეფრალურ სივრცეში – ჩირქოვანი პარანეფრიტი (რიგ შემთხვევებში, ინფექციის ჰემატოგენური გავრცელების შედეგად პარანეფრიტი შეიძლება დამოუკიდებლადაც განვითარდეს). გეროტას ფასციის რღვევის შედეგად ჩირქოვანი პროცესი შეიძლება გავრცელდეს მთელს რეტროპრეიტონეულ არეზე ან პერიტონეუმის ღრუშიც კი. მკურნალობა ქირურგიულია – აბსცესის დრენირება პერკუტანული ან ღია ოპერაციული მიდგომით.

პიონეფროზი არის მწვავე ობსტრუქციული პიელონეფრიტის საბოლოო ფაზა, როდესაც ჩირქოვან – რღვევითი პროცესის შედეგად თირკმლის პარენქიმა თითქმის მთლიანად კარგავს თავის ფუნქციას. ჰიდრონეფროზის ფონზე განვითარებული მწვავე პიელონეფრიტი, ანუ ინფიცირებული ჰიდრონეფროზი უნდა გავასხვავოთ პიონეფროზისგან, რადგანაც ინფიცირებული ჰიდრონეფროზის შემთხვევაში თირკმლის პარენქიმა ინარჩუნებს გარკვეულ ფუნქციონალურ შესაძლებლობებს.
პიონეფროზის მკურნალობას ნეფრექტომია წარმოადგენს მაშინ, როდესაც ინფიცირებული ჰიდრონეფროზის შემთხვევაში საჭიროა ზედა საშარდე გზების დრენირება იმ მეთოდებით, რომელიც მწვავე ობსტრუქციული პიელონეფრიტის მკურნალობაში არის აღწერილი და შემდეგ ჰიდრონეფროის გამომწვევი მიზეზის მოცილება.


ქრონიკული პიელონეფრიტი

ქრონიკული პიელონეფრიტის განსაზღვრება წინააღმდეგობრივია. ამ ტერმინის ქვეშ ჩვეულებრივ იგულისხმება თირკმლის უხეში, შემაერთებელქსოვილოვანი (ნაწიბური) დაზიანება ქრონიკული ინფექციური პროცესის შედეგად. ქრონიკული პიელონეფრიტი შესაძლებელია იყოს ობსტრუქციული და არაობსტრუქციული. არაობსტრუქციულ შემთხვევებში შარდის ბუშტ – შარდსაწვეთის რეფლუქსი წარმოადგენს ქრონიკული პიელონეფრიტის ხშირ მიზეზს. ინფექციის სხვადასხვა ხელისშემწყობი ფაქტორები შესაძლებელია ასევე წარმოადგენდნენ ქრონიკული პიელონეფრიტის განვითარების მიზეზს.
კლინიკური ნიშნები: ხშირად პროცესი ლატენტურად მიმდინარეობს და პაციენტებს არ გააჩნიათ არავითარი უროლოგიური სიმპტომები. პერიოდულად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გამწვავებას, მაშინ კლინიკური გამოვლინება მსგავსია მწვავე პიელონეფრიტისა. ორმხრივი, ქრონიკული პიელინეფრიტის, შორსწასული ნაწიბუროვანი ცვლილებების და ქრონიკული თირკმლის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში ადგილი აქვს აზოტემიისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს.
კვლევის მეთოდები:
დიაგნოზი შეიძლება დაისვას შარდში ინფექციის (>105 კოლონის წარმომქმნელი ბაქტერია 1 მლ შარდში) და თირკმლის პარენქიმის შემაერთებელქსოვილოვანი დეგენერაციის გამოვლენით (რადიო-იზოტოპური კვლევით).

მკურნალობა: ინფექციის ხელისშემწყობი ნებისმიერი ფაქტორი უნდა იქნეს ლიკვიდირებული ან კორეგირებული და სათანადო, ხანგრძლივი ანტიბაქტერიული თერაპია უნდა იქნეს ჩატარებული. ცალმხრივი, ქრონიკული პიელონეფრიტისას, ხშირი გამწვავებებით, უეფექტო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება დაისვას ნეფრექტომიის საკითხი. ნეფრექტომიის საკითხი ასევე ისმება ცალმხრივი ქრონიკული პროცესისას, როდესაც თირკმლის პარენქიმის მნიშვნელოვანი შემაერთებელქსოვილოვანი გადაგვარება იწვევს რენულ ჰიპერტონიას.



No comments:

Post a Comment