Monday, May 9, 2016

კანის ალერგიული დაავადებები: ეგზემა (Eczema); დერმატიტი და ტოქსიდერმია;



 კანის ალერგიული დაავადებები 

დასახელება: ეგზემა (Eczema)
ნერვულ-ალერგიული ტიპის დაავადება. გამონაკლისია მიკრობული ეგზემა.

დაავადებათა ჯგუფი: კანის ალერგიული დაავადებები

გამომწვევი: უცნობი ეტიოლოგია

მორფოლოგიური ელემენტი: პოლიმორფული გამონაყარი. თავდაპირველად ეგზემა ყოველთვის იწყება მწვავე ანთებითი ლაქით, რომლის ფონზეც ფორმირდება წვრილი
პაპულები (მიტოზის პროცესის გაძლიერება). შემდგომში ეს ელემენტი განიცდის ტრანსფორმაციას და ვითარდება ვეზიკულა; შემდგომში ეს ბუშტუკები იხსნება, ვითარდება ეროზია, რომელიც შემდგომში იფარება ქერქით, შემდგომში ეს ქერქი სცილდება და აღინიშნება აქერცვლა და ჰიპერპიგმენტაცია. ვეზიკულის გახსნას და ეროზიის წარმოქმნას შესაძლოა მოჰყვეს მცირე ჩირქმბადის (პუსტულა) განვითარება, რაც დაკავშირებულაი სტაფილოკოკურ ინვაზიასთან. (ევოლუციური პოლიმორფიზმი)
1. სიწითლე და გამონაყარის ფორმირება. 2. სველი ეგზემა - ვეზიკულების გახეთქვა. 3. კრუსტოზული ეგზემა - ქერქის წარმოქმნის სტადია. 4. სქვამოზური ეგზემა - აქერცვლის სტადია.


მიმდინარეობა: მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ეგზემა (Eczema acutum): სწრაფად ვითარდება კანის გაწითლება და შეშუპება, რასაც თან ახლავს წვისა და ქავილის შერძნება. პროცესი მიდრეკილია პერიფერიული გავრცელებისკენ. იგი რამდენიმე კვირაში განკურნებით მთავრდება. ქრონიკული ეგზემა (Eczema chronicum): პროცესი ყოველთვის გახანგრძლივებულად მიმდინარეობს, ხანგამოშვებით პროცესის გამწვავებებით. ქრონიკული ეგზემის დროს ანთებითი პროცესი ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ სამაგიეროდ, ინფილტრაციის მოვლენებია მკვეთრი. ქრონიკული ეგზემა ხასიათდება არამკვეთრად გამოხატული სიწითლით და აქერცვლით. ინტენსიური დაფხანის ადგილებში ვითარდება ლიქენიფიკაცია (Eczema lichenoides).

კლინიკური ფორმები:

1. ბავშვთა ეგზემა - ბავშვებში ეგზემის განვითარება, უფრო ხშირად დაკავშირებულია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლასთან; კვების დარღვევასთან; ექსუდაციური დიათეზთან; შეიძლება უმეტესად ლოკალიზებულია სახეზე (კერძოდ ლოყებზე) და თავის თმიან ნაწილზე. ბავშვთა ეგზემა ხანგრძლივი და შეუპოვარი დაავადებაა. ის შეიძლება 2–3 წლის ასაკამდე გაგრძელდეს, რის შემდეგაც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, ზოგი ბავშვი მერეც არ იკურნება და დაავადება ჩვეულებრივი ქრონიკული ეგზემის სახეს ღებულობს, ან ხდება მისი ტრანსფორმაცია ნეიროდერმიტად.

2. დისჰიდროზული ეგზემა - გვხვდება ხელის მტევნებზე და ტერფებზე. ვლინდება მკვრილი, წვრილი, მრავალკამერიანი ბუშტუკები. კანის ანთებითი შეფერილობა, ეპიდერმისის სისქის გამო, ძლიერ სუსტადაა გამოხატული.

3. სებორეული ეგზემა - სებორეისთვის დამახასიათებელ ადგილებში (ცხიმის ჯირკვლებით მდიდარი კანის არეები) განვითრებული ეგზემატოზური პროცესი. (კისერი, სახე, ყურების უკანა მიდამო, თავის თმიანი არე, ცხვირ-ლოყის ნაოჭი და სხვ.)

4. მიკრობული ეგზემა (პარატრავმული, ანუ ჭრილობისახლო ეგზემა) - ეგზემის ეს ფორმა კანზე, ან სხვადასხვა ორგანოში არსებული პირველადი კერიდან სტრეპტოკოკთა ცხოველქმედების პროდუქტებით სენსიბილიზაციის შედეგია  (სინუსიტი, ჰაიმორიტი და სხვ.) ჭეშმარიტი ეგზემისგან ის განსხვავდება: დაზიანებათა ასიმეტრიული განლაგებით; მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით.  ლოკალიზაცია - წვივები; წინამხრები; მხრები; სარძევე ჯირკვლების ქვეშ; არეოლებზე; ყურის ნიჟარის უკან და სხვ.

გართულება: ზოგჯერ შესაძლოა ეგზემის მეორადი ინფექციით – პიოდერმიით გართულება. ამ პროცესს ხელს უწყობს დაფხანა და სველი ზედაპირი, რაც მიკრობებს უადვილებს კანში შეღწევას.

მკურნალობა: გამაღიზიანებელი ფაქტორის მოშორება. ანტიჰისტამინური პრეპარატები; სედატიური საშუალებები; ადგილობრივი მკურნალობა დამოკიდებულია კლინკურ ფორმაზე. თუ სისველეს აქვს ადგლი, პირველ რიგში უნდა გავაშროთ პროცესი და შემდეგ დავნიშნოთ კორტიკოსტეროიდული მალამოები. 



დერმატიტი და ტოქსიდერმია

კანის ანთება - დერმატიტი - შეიძლება განვითარდეს მასზე გარეგანი, ან შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით, ან მათი ერთობლიობით.

კანზე გარეგანი ფაქტორის უშუალო ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს:


1. არტიფიციული კონტაქტური დერმატიტი.
იმ უცილობელი გამღიზიანებლებით განვითარებული დერმატიტი, რომლებიც ყველა ადამიანში იწვევენ კანის ანთებით პროცესს. მაგ: მჟავეები; ტუტეები და სხვ. (ობლიგატური გამღიზიანებელი)
არტიფიციული კონტაქტური დერმატიტის სინონიმები: უბრალო კონტაქტური დერმატიტი, მარტივი კონტაქტური დერმატიტი)

2. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
იმ გამღიზიანებლებით განვითარებული დერმატიტი, რომლებიც მხოლოდ იმ პირებში იწვევენ კანის ანთებით პროცესს, რომელთაც ამ კონკრეტული გამღიზიანებლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ. (ფაკულტატური გამღიზიანებელი)


ტოქსიდერმია - კანის დაზიანებაა, რომელიც ვითარდება ალიმენტური, ტოქსიკური, ან ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში შეღწევის დროს მათდამი ორგანიზმის ინდივიდუალური შეუგუებლობის პირობებში.

1. კანის დაზიანება იმ შინაგანი ტოქსიკური ფაქტორებით, რომლებიც ყველასთვის ტოქსიკურია და შესაბამისად ყველა ადამიანში გამოიწვევენ ტოქსიდერმიას.

2. კანის დაზიანება იმ შინაგანი ალერგიული ფაქტორებით, რომლებიც მხოლოდ იმ პირებში გამოიწვევენ დაზიანებას, რომლებსაც ამ კონკრეტული ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

კლინიკური მანიფესტაცია: მიმდინარეობის მიხედვით, დერმატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. განვითარების დასაწყისში, დერმატიტი კანის მხოლოდ იმ არეებზეა ლოკალიზებული, რომლებიც დაავადების გამომწვევ აგენტთან უშუალო ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, ან ახლახანს იმყოფებოდნენ. დაზიანების საზღვარი მკვეთრია და  ზუსტად შეესაბამება ალერგენთან კონტაქტის ადგილს. დერმატიტით დაავადებულებს, ჩვეულებრივ, აწუხებთ სიცხის შეგრძნება, წვა, ქავილი, ზოგჯერ ტკივილიც. გამომწვევი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტისთანავე, დერმატიტის მოვლენები უკუგანვითარებას იწყებს. პროიცესის უკუგანვითარება ხშირად მთავრდება აქერცვლითა და პიგმენტაციით. რეციდივები თავს იჩენს ალერგენთან ახალი კონტაქტის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ტოქსიკური დერმატიტის შემთხვევაში, ზოგჯერ ძალიან მძიმე საერთო დარღვევევბი ვითარდება და დაავადების მიმდინარეობა გამომწვევი აგენტის მოცილების შემდეგ ყოველთვის არ უმჯობესდება. მაგალითად სალვარსანით გამოწვეული მძიმე ტოქსიუი დერმატიტი.
ტოქსიდერმია ალერგიული კონტაქტური დერმატიტისგან განსხვავდება სიმეტრიული გამონაყარით (გამონაკლისია ფიქსირებული დერმატიტი); ზოგჯერ პროცესის გაცილებით მძიმე მიმდინაეობით, რომელსაც თან სდევს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის მეტ-ნაკლები დარღვევა.

კლასიფიკაცია. დერმატიტებისა და ტოქსიდერმიების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ეტიოლოგიური პრინციპი.

1. მედიკამენტებით გამოწვეული დერმატიტები და ტოქსიდერმიები
*
ანტიბიოტიკებით გამოწვეული ტოქსიდერმია - ხშირად ურტიკარიული ხასიათი აქვს და თან სდევს ძლიერი ქავილი; მკურნალობა - ანტიჰისტამინური პრეპარატები. პრევენცია - ინტრადერმული სინჯი.
* ბრომისგან გამოწვეული ტოქსიდერმია - ხშირად ვლინდება ე.წ. ბრომოვანი ფერიმჭამელა (
acne bromica); შედარებით იშვიათად მაკულოზური გამოაყარი და მოვეგეტირე ბრომოდერმა (bromoderma vegetans);
* კუპრის პრეპარატებით გამოწვეული დერმატიტი - დიფუზური ერითემულ-ვეზიკულური გამონაყარი.
* იოდის პრეპარატებით გამოწვეული დერმატიტი და ტოქსიდერმია - შინაგანი მიღების შემთხვევაში: პოლიმორფული გამონაყარი
- ფერიმჭამელა, კვანძები, ვეზიკულები, ბულები. აკნე. მძიმე შემთვევაში ვითარდება ჰემორაგიული იოდოდერმა. მარტივი იოდისმიერი კონტაქტური დერმატიტის დროს: ანთებით კანზე განვითარებული მეტ-ნაკლებად მსხვილი ბუშტუკები.
* ნოვოკაინით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი ალერგიული წარმოშობისაა. კლინიკური სურათით ჰგავს ეგზემას.
* ვერცხლის წყლის მცირე დოზებისაც კი შეუძლიათ ტოქსიდერმიის გამოწვევა. მსუბუქი ფორმა: კანის მსხვილ ნაოჭებში აღინიშნება ერითემა, თან დართული ძლიერი ქავილით. ზოგჯერ ერითემის ფონზე ვითარდება ბუშტიც. მძიმე ფორმა: თავდაპირველად ნაოჭებში ლოკალიზებული ერითემა ვრცელდება მთელს კანზე.
* დარიშხანისმიერი ტოქსიდერმია
- ერითემულ-ბულოზური გამონაყარი. ზოგჯერ პურპურა.
* საძილე საშუალებებით გამოწვეული ტოქსიდერმია
- ერითემა, ურტიკარია ეგზემისებრი გამონაყარი.
* სულფანილამიდური ტოქსიდერმია
- ფიქსირებული ერითემა.


2. ქიმიური ფაქტორებით გამოწვეული დერმატიტები

3. მცენარეებით გამოწვეული დერმატიტები - ძირითადად იწვევენ ურტიკარიულ გამონაყარს.
4. ტემპერატურული ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტები

5. ტრავმით გამოწვეული დერმატიტები

6. საკვები ნივთიერებებითთ გამოწვეული ტოქსიდერმიები

7.  აქტინური და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული დერმატიტები

       



No comments:

Post a Comment