Thursday, May 19, 2016

კარიბჭე-ლოკოკინას ანუ სმენა-წონასწორობის ნერვი (n.vestibulocochlearis)


კარიბჭე-ლოკოკინას, ანუ სმენა-წონასწორობის ნერვი (n. vestibulocochlearis, მერვე წყვილი) სპეციფიკური მგრძნობელობის ნერვია, რომელიც შედგება ორი ფესვისაგან: ზემო ფესვიradix superior (წონასწორობის, კარიბ-ჭის ნერვი) და ქვემო ფესვიradix inferior (სმენის, ლოკოკინას ნერვი). ლოკოკინას ნაწილი დაკავშირებულია სმენის ფუნქციასთან, ხოლო კარიბჭის ნაწილი  – წონასწორობის ფუნქციასთან. ლოკოკინაში მდებარე სპირალური
კვანძისganglion spirale უჯრედების ცენტრალური ბოჭკოები ქმნიან სმენის ანუ ლოკოკინას ნერვს, პერიფერიული ბოჭკოები კი მიემართებიან სპირალური ორგანოსაკენ, რომელიც მოთავსებულია აპკისებრი ლოკოკინას ძირითად ფირფიტაზე. ლაბირინთიდან ლოკოკინას ნერვი შედის თავის ქალას ღრუში, საფეთქლის ძვლის შიგნითა სასმენი ხვრელით, და კარიბჭის ნაწილთან ერთად მიემართება ტვინის ღეროში, სადაც უკავშირდება ლოკოკინას ნერვის ბირთვებს:

1)
ლოკოკინას დორზალური ბირთვი ხიდის დორზალურ ნაწილშია;
2) ლოკოკინას ვენტრალური ბირთვი ხიდის ვენტრალურ მიდამოშია;
3) ტრაპეციული სხეულის დორზალური ბირთვი (ზემო ოლივა);
4) ტრაპეციული სხეულის ვენტრალური ბირთვი

ტრაპეციული სხეულის ვენტრალური და დორზალური ბირთვები მდებარეობენ ხიდის სახურავში.

აღნიშნული ბირთვებიდან მეორე ნეირონების აქსონები მიდიან სმენის ქერქქვეშა ბირთვებში (სახურავი ფირფიტის ქვემო ბირთვი და მედიალური დამუხვლილი სხეულის ბირთვი). ამ ბირთვების უჯრედების (მესამე ნეირონის) აქსონები ქმნიან .. ლატერალურ მარყუჟს, რომელიც შედგება ორივე მხარის ბოჭკოებისაგან, რადგან დორზალური ბირთვის ბოჭკოები გადადიან მოპირდაპირე მხარეს, მეოთხე პარკუჭის ტვინოვანი ზონრების სახით. ვენტრალური ბირთვის ბოჭკოები მთავრდებიან ტრაპეციულ სხეულში და ზემო ოლივაში, აქედან კი მიდიან ლატერალურ მარყუჟში. ლატერალური მარყუჟის ბოჭკოები სმენის გამტარი გზის საბოლოო ნაწილია, რომელიც გაივლის შიგნითა კაფსულის უკანა ნაწილში და მთავრდება საფეთქლის ზემო ხვეულის შუა ნაწილის ქერქში, სადაც სმენის კორტიკული ცენტრია.

შიგნითა სასმენი მილის ძირში მდებარე კარიბჭის კვანძისganglion vestibulare  – პერიფერიული ბოჭკოები მიემართებიან აპკისებრ ლაბირინთში, ხოლო ცენტრალური ბოჭკოები ქმნიან კარიბჭის ნერვს, რომელიც ლოკოკინას ნერვთან ერთად შედის ტვინის ღეროში და მთავრდება რომბისებრი ფოსოს ძირში მოთავსებულ კარიბჭის ბირთვებში:

1)
მედიალური ბირთვი (მთავარი, შვალბეს ბირთვი);
2) ლატერალური ბირთვი (დეიტერსის ბირთვი);
3) ბეხტერევის ბირთვი, რომელიც მოთავსებულია მე-4 პარკუჭის კუთხეში და ამიტომ კუთხის ბირთვსაც უწოდებენ.

ამ ბირთვების უჯრედების (მეორე ნეირონი) აქსონები მიდიან ნათხემში.

სმენის ნერვის ანთება კლინიკურად გამომჟღავნდება ყურში შუილითა და სმენის თანდათანობითი დაქვეითებით სრულ სიყრუემდეც კი. უფრო ხშირად მოშლილია მაღალი ტონების აღქმის უნარი; პროცესი ხშირად ორმხრივია.

მერვე წყვილი ნერვის ნევრინომის შემთხვევაში, სმენის მოშლასთან ერთად, აღინიშნება თავის ტვინის სიმსივნის ზოგადი ნიშნები და ლოკალური სიმპტომატიკა: ნევრინომის მხარეს სახის, განმზიდველი და სამწვერა ნერვის ფუნქციის მოშლა, ცერებელარული ჰემიატაქსია, ხოლო მოპირდაპირე მხარეს პირამიდული ჰემისინდრომი.



No comments:

Post a Comment