Thursday, May 19, 2016

ყნოსვის ნერვი (n. olfactorius)


ყნოსვის ნერვი (n. olfactorius, I წყვილი) სპეციფიკური მგრძნობიარე ნერვია და ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილია. ყნოსვის გამტარებელი გზა სამნეირონიანია და იწყება ცხვირის ღრუს ყნოსვის მიდამოდან, სადაც I ნეირონებია. I ნეირონების მოკლე პერიფერიული მორჩები ყნოსვის რეცეპტორებში
ბოლოვდებიან, ხოლო გრძელი ცენტრალური მორჩები ქმნიან ყნოსვის ნერვებსnn. olfactorii,  რომლებიც გაივლიან ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის ხვრელებში და შედიან ყნოსვის ბოლქვშიbulbus olfactorius, სადაც II ნეირონებია. II ნეირონის აქსონები ქმნიან ყნოსვის ტრაქტსtractus olfactorius და ყნოსვის სამკუთხედსtrigonum olfactirium,  რომელიც გადადის წინა დახვრეტილ სუბსტანციაში. ამგვარად, II ნეირონის აქსონები ვრცელდება წინა დახვრეტილ სუბსტანციამდე და გამჭვირვალე ძგიდემდე, სადაც III ნეირონები ანუ ყნოსვის პირველადი ცენტრებია. III ნეირონის აქსონები ქმნიან ყნოსვის სამ ზონარსstria olfactoria, რომლებიც ბოლოვდებიან საფეთქლის წილის პარაჰიპოკამპურ ხვეულში და კაუჭშიყნოსვის ქერქულ ცენტრში (ბროდმანის 28- და 34- ველი). დაიმახსოვრეთ კლინიკურად მნიშვ ნელოვანი ფაქტი! ყნოსვის პირველადი ცენტრიდან გამოსული აქსონები გაივლიან წინა თეთრ შესართავსაც და, ამდენად, უკავშირდებიან ორივე ჰემისფეროს ყნოსვის ქერქულ ცენტრს. ორმხრივი ქერქული ინერვაციის გამო, III ნეირონის ცალმხრივი დაზიანება არ იწვევს ყნოსვის მოშლას. ყნოსვის მოშლა ვითარდება I ნეირონის დაზიანებისას, რაც საკმაოდ ხშირია ცხვირის ღრუსა და პარანაზალური წიაღების კატარული ანთების, ცხვირის პოლიპის დროს. I ნეირონის დაზიანება, ჩვეულებრივ, ორმხრივია. II ნეირონის დაზიანება თან ახლავს შუბლის წილის ორბიტულ არეში განვითარებულ პათოლოგიურ პროცესებს. II ნეირონი უპირატესად ცალ მხარეს ზიანდება. ამგვარად, ყნოსვის ფუნქციის მოშლას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. ყნოსვის გამტარებელი გზის ზოგიერთი აქსონი ზედმეტად ცნობისმოყვარეა და თავის ტვინის სხვადასხვა ნერვის ბირთვთა უჯრედებთან ამყარებს კონტაქტს, მათ შორის, ცთომილი ნერვის ბირთვის უჯრედებთან. ეს ნერვიც ხომ ძალიან ცნობისმოყვარეა. გარდა ამისა, ყნოსვის ქერქული ცენტრის უჯრედების აქსონები ეკონტაქტებიან ქერქქვეშა წარმონაქმნებს, ეპითალამუსსა და ჰიპოთალამუსს, სადაც მყარდება კავშირი ავტონომიურ ცენტრებთან.

ყნოსვის დარღვევები
ყნოსვის მოშლა, უმეტეს შემთვევაში  გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის პათოლოგიით. შუბლის წილის სიმსივნეების დროს (თუ სიმსივნე ლოკალიზებულია ტვინის ფუძესთან ახლოს) ვითარდება ზეწოლა ტრაქტზე, ან ყნოსვის ბოლქვზე, რაც იწვევს ცალ ნესტოში ყნოსვის მოსპობას ან დაქვეითებას. საფეთქლის წილში ყნოსვის ქერქული ცენტრის გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვითი ჰალუცინაციები.
ყნოსვის დარღვევას ანოსმია ეწოდება (ბერძნ. osme - სუნი); ყნოსვის დაქვეითებას - ჰიპოსმია; სუნის შეგრძნების გაძლიერებას ჰიპეროსმია; სუნის გაუკუღმართებულ შეგრძნებას კი კაკოსმია, ანუ ყნოსვითი დიზესთეზია.

ყნოსვითი დიზესთეზია - გაუკუღმართებული ყნოსვაა. ავადმყოფი გრძნობს სუნს (უმეტესად - უსიამოვნოს) შესაბამისი სუნიანი ნივთიერებებით ყნოსვის ანალიზატორის გაღიზიანების გარეშე (სუბიექტური კაკოსმია). ამ დროს უმეტესად გოგირდწყალბადის, ნივრის, სიდამპლის სუნების შეგრძნებას უჩივიან. ყნოსვის ამგვარი გაუკუღმართება ყნოსვით ჰალუცინაციებს მიეკუთვნება. კაკოსმიის მიზეზი შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი (გრიპი) და ყნოსვის ნერვის დაზიანება, ცხავისებრი ფირფიტის (ძვლის) მიდამოს სიმსივნე და სხვა. არცთუ იშვიათია კაკოსმია ფსიქიკური დარღვევების, ნევრასთენიის, ისტერიის დროს, ასევე - ორსულობისას და კლიმაქსურ პერიოდში. ობიექტური კაკოსმია შეინიშნება ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებათა დროს, როდესაც პროცესი ფარულად მიმდინარეობს და უსიამოვნო სუნი ჩირქოვანი გამონადენის გამო წარმოიშობა. უსიამოვნო სუნის შეგრძნება თან ახლავს სხვა ჩირქოვან პროცესებსაც, მაგალითად, ცხვირში უცხო სხეულის, სეკვესტრების (სიფილისი და სხვა მიზეზები), ნუშურებში ჩირქოვანი საცობების, კბილების კარიესის დროს. სუბიექტური კაკოსმიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ცხვირის ღრუსა და მისი მიმდებარე არეების გულდასმით გამოკვლევაც (რენტგენოლოგიური კვლევა), რათა გამოირიცხოს არასასიამოვნო სუნის აღქმის შესაძლო ობიექტური მიზეზები, მკურნალობა კი, როგორც ანოსმიის დროს, სუბიექტური თუ ობიექტური კაკოსმიის შემთხვევაშიც ძირითადი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.


No comments:

Post a Comment