Saturday, February 18, 2017

ცისტიტი


ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირად ხანში შესულ ქალებში.  ეტიოლოგია. წამყვანი როლი ეკუთვნის ინფექციას.

შარდის ბუშტში პათოგენური ბაქტერიების შეღწევა განპირობებულია შარდსასქესო აპარატის აგებულების თავისებურებით: მოკლე და ფართო ურეთრა, საშოსა და სწორი ნაწლავის სიახლოვე. ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს შარდის გამოდენის დარღვევა შარდის ბუშტიდან, დეფლორაცია, ორსულობა, მშობიარობა, სასქესო ორგანოების ანთება, გაცივება, შეკრულობა, საკვები ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, შარდის ბუშტის დასხივება მცირე მენჯის სხივური თერაპიისას. დავადების განვითარებაში
დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის რეაქტიულობასა და შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას. სისხლმიმოქცევის ადგილობრივი დარღვევები, ბაქტერიების მაღალი ვირულენტობა და მათი ხანგრძლივი არსებობა შარდის ბუშტში ხელს უწყობენ ცისტიტის განვითარებას. უმრავლეს შემთხვევაში ცისტიტის განვითარება ქალებში დაკავშირებულია სქესობრივ ცხოვრებასთან. მამაკაცებში ცისტიტის განვითარება შესაძლებელია განპირობებული იყოს პროსტატიტით (მწვავე და ქრონიკული), ურეთრის სტრიქტურით, ადენომით, კენჭით ან წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებებით. ქრონიკული ცისტიტის მიზეზები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში შესაძლებელია იყოს კენჭი, სიმსივნე, ლეიკოპლაკია და ტუბერკულოზი, მაგრამ ამგვარი ,,ქრონიკული ცისტიტი” წარმოადგენს მეორადს, მას საფუძვლად უდევს შარდის ბუშტის სხვა დაავადებები, რომელიც დროულად უნდა იქნას დადგენილი ექიმის მიერ. პირველადი ქრონიკული ცისტიტები პრაქტიკულად არ არსებობს, მის ნიღბის ქვეშ იფარება ჩვეულებრივ სხვა უროლოგიური დაავადებები. ბავშვებში ცისტიტის ეტიოლოგიაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს შარდგამომყოფი არხის განვითარების ანომალიები, მისი შევიწროება, სარქველები და სხვ. შესაძლებელია აგრეთვე ინფექციის ჰემატოგენური შეღწევა შარდის ბუშტში.    
                                                                                                             


სიმპტომები, მიმდინარეობა: შარდის ბუშტის ანთება შესაძლებელია წარმოიქმნას უეცრად, მაგრამ უფრო ხშირად ცისტიტის მოვლენები მატულობს თანდათანობით; იგი ვლინდება დისკომფორტით, წვითა და ქავილით ურეთრისა და შორისის მიდამოში შარდვის დროს. დისკომფორტი და ტკივილი ბოქვენზედა, ან შორისის არეში შესაძლებელია გაგრძელდეს მოშარდვის შემდეგაც. შარდვა გახშირებული, მტკივნეულია, შარდის რაოდენობა ყოველ შემდგომი მოშარდვისას მცირდება. მოშარდვის ბოლოს ზოგჯერ შარდი იფერება სისხლით. მოშარდვის სურვილი შესაძლოა იყოს იმპერატიული, ზოგჯერ კი აღინიშნება შარდის შეუკავებლობა. უმრავლეს შემთხვევაში მწვავე ცისტიტის დროს სხეულის ტემპერატურა რჩება ნორმის ფარგლებში, იშვიათად აღინიშნება სუბფებრილიტეტი. ტემპერატურის მომატება ცისტიტის დროს ადასტურებს, რომ ინფექცია გასცდა შარდის ბუშტის საზღვრებს და გავრცელდა უფრო ხშირად ზედა საშარდე გზებზე.            


ცისტიტის დროს ბოქვენზედა მიდამოს პალპაციასა და პერკუსიას შესაძლებელია თან ახლდეს მტკივნეულობა. მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა ძირითადად აღინიშნება ბავშვებში.

შარდი მწვავე ცისტიტის დროს შეიცავს ბევრ ლეიკოციტსა და ერითროციტებს, რაც განაპირობებს მასში ცილის მცირე რაოდენობას. ბაქტერიურია ვლინდება ინფექციური ცისტიტის დროს. ცისტიტის დროს მნიშვნელოვანია ბაქტერიურიის ხარისხის დადგენა.

1 მლ შარდში 100 000 მიკრობული სხეულის აღმოჩენა მოწმობს მწვავე პროცესის არსებობას. სისხლში აღინიშნება მხოლოდ ზომიერი ლეიკოციტოზი და ედს – ის მომატება. კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდია შარდის დათესვა და ფლორის გამოკვლევა ანტიბიოტიკებისადმი და ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი მგრძნობელობაზე. აღნიშნული გამოკვლევები საშუალებას იძლევა ჩატარდეს რაციონალური ანტობაქტერიული თერაპია, მაგრამ სჭირდება დაახლოებით 48 საათი. ცისტიტი სტერილური შარდის არსებობისას წარმოადგენს საშარდე სისტემის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ჩატარების საფუძველს.

მკურნალობა: საჭიროა მოსვენებითი მდგომარეობა, სითბო, სასურველია წოლითი რეჟიმი. ინიშნება დიეტა მარინადების, კონსერვანტებისა და სანელებლების შემცველი პროდუქტების გარეშე;  ძირითადია ანტიბაქტერიული პრეპარატები.    

პროფილაქტიკა: პირადი ჰიგიენის დაცვა, სასქესო ორგანოებისა და შორისის სისუფთავე, ყაბზობისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა.

პროგნოზი: დროულად ჩატარებული მკურნალობისას კეთილსაიმედოა.

No comments:

Post a Comment